პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს გახდება ცნობილი

ავტორი
Front News საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ორშაბათს, 16 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადა სასამართლოს 14 ოქტომბერს, უქმე დღეს ეწურება, ამიტომ თარიღი ორშაბათამდე გადაიწია.
“დარეგისტრირდა 14-ში, გადაეცა პლენუმს 15-ში, ბოლო თარიღი გადაწყვეტილების პარლამენტში გაგზავნისა ეს არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არის არასამუშაო დღე, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება შეიძლება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს. ანუ ეს არის 16 ოქტომბერი, ორშაბათი.
კონსტიტუციაში წერია, რომ ეგზავნება პარლამენტს, მაგრამ ჩვენი საერთო წესებით, ვინაიდან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ზეპირი მოსმენით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დარბაზში ვაცხადებთ, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილი იქნება ასევე დარბაზში გამოცხადება.
ზოგადად მაქსიმალურად უნდა ტექსტს გასწორება, დამუშავება, ყველამ უნდა წაიკითხოს, გაასწოროს, ერთპიროვნულად, ერთი ადამიანი ხომ არ იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის არც თავმჯდომარე და არც მომხსენებელი მოსამართლე, ყველას ურიგდება პროექტი და დაურიგდა, ყველას შეაქვს თავისი ცვლილება, საბოლოოდ ამ შეტანილ ცვლილებებზეც მოსამართლეები უნდა შეიკრიბონ და შეთანხმდნენ. საბოლოო ტექსტი, რომელიც დაიდება ხელმოსაწერად, კიდევ ერთხელ მოითხოვს მოსამართლეებისგან ყურადღებით წაკითხვას. ხვალ და ზეგაც უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ამ ტექსტზე, რომ ორშაბათისთვის იყოს მაქსიმალურად გასწორებული”, – განაცხადა ტურავამ.
თაგები:
იმპიჩმენტი




