Logo

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ წამების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 2 პირს ბრალდება წარუდგინა

სამართალი
105
Frontnews image description

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ "ფაშისტური-ნაცისტური იდეოლოგიის" მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესისა და იდენტობის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას. აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის მქონე, პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, აყენებდნენ პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ასევე, ძალადობის ამსახველ ვიდეოს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ, რითაც დაზარალებულებს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებდნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მიმდინარე წლის 21 იანვარს დააკავეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა), 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (არაადამიანური მოპყრობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ჯგუფურად) და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე, თავისუფლების თორმეტ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები