Logo

პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საზოგადოება
620
Frontnews image description

პროკურატურამ  9 მოქალაქის მიმართ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულ ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა.
 
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ  2017 წლის  თებერვლში კომპანია – შპს „ამერიკან ტრანსი“ დაარსდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში  ავტომობილებს ყიდულობდა და  საქართველოში ჩამოჰყავდა.  

2019 წელს შპს „ამერიკან ტრანს“-სა და მის წარმომადგენელს ა.გ.-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოში  რეგისტრირებული სხვადასხვა კომპანიის  მიმართ სოლიდური დავალიანება დაუგროვდათ და ვინაიდან, ვეღარ მიიღებდა ავტომანქანებს, ა.გ. -მ დავალიანების დაფარვის მიზნით, მოტყუებით, თითქოსდა სასურველ ავტომობილებს ჩამოიყვანდა, ნდობის ბოროტად გამოყენებით, 9 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით – 336 772,27 ლარს თაღლითურად დაეუფლა. 

სამართალდამცველებმა ა.გ. 2021 წლის 28 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. 

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება", – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები