პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, ტარების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით, ავტომანქანით აედევნნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომანქანის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს.
ვინაიდან ბრალდებულები თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის “ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 16-დან 20 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
თაგები:
პროკურატურა