Logo

პუტინი – პასუხს აგებს ის, ვინც იარაღი აღმართა თავისი თანამებრძოლების წინააღმდეგ და უღალატა რუსეთს

მსოფლიო
408
Frontnews image description

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსებს “ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ამბოხის გამო მიმართა და პრიგოჟინის ქმედებებს რუსეთის ზურგში დარტყმა უწოდა.

 

“ეს არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისთვის ზურგში დარტყმა. სწორედ ასეთი დარტყმა მიაყენეს რუსეთს 1917 წელს, როდესაც ქვეყანა აწარმოებდა პირველ მსოფლიო ომს. თუმცა, გამარჯვება მას მოჰპარეს. ინტრიგები, დავები, პოლიტიკანობა ხალხის ზურგს უკან მობრუნდა უდიდესი კატასტროფით, არმიის დანგრევით და სახელმწიფოს დაშლით, უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვით, საბოლოო ჯამში, სამოქალაქო ომის ტრაგედიით. რუსები კლავდნენ რუსებს, ძმები – ძმებს, ანგარებიან სარგებელს კი პოულობდნენ სხვადასხვა სახის ავანტიურისტები და საზღვარგარეთული ძალები, რომლებიც ყოფდნენ ქვეყანას, გლეჯდნენ მას ნაწილებად.

 

ჩვენ არ დავუშვებთ ამის განმეორებას, დავიცავთ ჩვენს ხალხს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ნებისმიერი საფრთხეებისგან, მათ შორის შიდა ღალატისგან, ხოლო ის, რის წინაშეც ჩვენ დავდექით, სწორედ ღალატია. უსაზღვრო ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა შედეგად გამოიღო ქვეყნისა და ხალხის ღალატი, ასევე იმ საქმის ღალატი, რომლისთვისაც ჩვენს სხვა სამხედრო დანაყოფებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ და იღუპებოდნენ “ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები და მეთაურები.

 

ის, ვინც მოაწყო და მოამზადა სამხედრო ამბოხი, ვინც იარაღი აღმართა თავისი თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს, პასუხს აგებს. მოვუწოდებ მათ, ვინც ჩათრევასაც ამ დანაშაულში ცდილობს, არ დაუშვან საბედისწერო შეცდომა და გააკეთონ ერთადერთი სწორი არჩევანი – შეწყვიტონ კრიმინალურ ქმედებებში მონაწილეობა“, – განაცხადა პუტინმა.

 

მიმართვის დასასრულს, პუტინმა ტრადიციულად განაცხადა, რომ დაიცავს რუსეთს.

 

23 ივნისის ღამეს “ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დემარში გამოაცხადა. მან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო “ვაგნერის” დაქირავებულ მებრძოლებზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რომლის დროსაც უამრავი მეომარი დაიღუპა. მისი ჯარები შევიდნენ დონის როსტოვში და აიღეს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ოლქის შენობა. მედია ასევე წერს, რომ “ვაგნერელებმა“ ვორონეჟში ყველა სამხედრო ობიექტი უკვე დაიკავეს.

 

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს “ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, “გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. 

Advertisement