Logo

პუტინი – რუსეთმა წინმსწრები პასუხი გასცა აგრესიას, ეს იყო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება

მსოფლიო
09.05.2022 / 12:31
Frontnews image description

რუსეთმა წინმსწრები პასუხი გასცა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ეს იყო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ ტრადიციული აღლუმზე განაცხადა.

 

კრემლის ლიდერის თქმით, საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული ყველა უთანხმოების მიუხედავად, მოსკოვი “ყოველთვის მხარს უჭერდა თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის შექმნას” და დასავლეთის ქვეყნებს სთავაზობდა შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიებზე, მაგრამ მათ ეს არ გაუგიათ.

 

“შარშან დეკემბერში ჩვენ გამოვედით წინადადებით, შევთანხმდეთ უსაფრთხოების გარანტიებზე. რუსეთმა მოუწოდა დასავლეთს პატიოსანი დიალოგისკენ და გონივრული, კომპრომისული გადაწყვეტილებების ძიებისკენ, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებისკენ. ყველაფერი სულ ტყუილად. ნატო-ს ქვეყნებმა არ მოინდომეს ჩვენი გაგება, ეს კი ნიშნავს, რომ მათ სულ სხვა გეგმები ჰქონდათ. და ჩვენ ეს დავინახეთ. ღიად მიმდინარეობდა მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის მზადება დონბასში და ჩვენს ისტორიულ მიწებზე შეჭრისთვის, მათ შორის ყირიმში. კიევში საუბრობდნენ ბირთვული იარაღის შექმნაზე. ნატო-მ დაიწყო მის საზღვრებთან მდებარე ტერიტორიების აქტიური ათვისება.

 

რუსეთმა წინმსწრები პასუხი გასცა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ეს იყო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება. დღეს, დონბასელი მებრძოლები რუსეთის არმიასთან ერთად, საკუთარ მიწაზე იბრძვიან. ახლა მოგმართავთ თქვენ, შეიარაღებულ ძალებს და დონბასელ მებრძოლებს – თქვენ იბრძვით სამშობლოსა და მომავლისთვის, რომ არავინ არასდროს დაივიწყოს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები, რომ მსოფლიოში არ იყოს ნაცისტების და ჯალათების ადგილი“, – განაცხადა პუტინმა.

 

წელს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს არც ერთი უცხოელი სტუმარი არ ესწრება. ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უამინდობის გამო, აღლუმის დროს ავიაციას არ გამოიყენებენ.

Advertisement