პუტინი - ვთავაზობთ კიევს, რომ განვაახლოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს.
„ჩვენ ვთავაზობთ კიევს, რომ განვაახლოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ჩვენ ვთავაზობთ მოლაპარაკებების განახლებას უკვე ხუთშაბათს (15 მაისი) სტამბოლში.
ჩვენ არასდროს უარი არ გვითქვამს უკრაინულ მხარესთან დიალოგზე. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები ჩვენ არ შეგვიწყვეტია 2022 წელს, ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ. მიუხედავად ყველაფრისა, ვთავაზობთ კიევის ხელისუფლებას 2022 წლის ბოლოს მათ მიერვე შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლებას, თანაც ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე", - განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის ხვალ გეგმავს საუბარს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და სთხოვს მას, უზრუნველყოს თურქეთში მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობა.
მისი თქმით, მას სურს სთხოვოს ერდოღანს უზრუნველყოს პლატფორმა თურქეთში მოლაპარაკებების გასამართად.
"იმედი მაქვს, რომ ის დაადასტურებს თავის სურვილს, წვლილი შეიტანოს უკრაინაში მშვიდობის ძიებაში", - აღნიშნა პუტინმა.
მან ასევე არ გამორიცხა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მოლაპარაკებების დროს.
„არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკებების დროს შესაძლებელი იქნება ახალი ზავის და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ამასთან, რეალური ზავის, რომელსაც დაიცავდა არამხოლოდ რუსეთი, არამედ უკრაინული მხარეც. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, ვიმეორებ, გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისკენ და არა პროლოგი შეიარაღებული კონფლიქტის გასაგრძელებლად უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელახალი შეიარაღებისა და დაკომპლექტების შემდეგ. ვის სჭირდება ასეთი მშვიდობა?“ – განაცხადა პუტინმა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი