Logo

პუტინი - უკრაინის უსაფრთხოება აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მზად ვარ, ამაზე ვიმუშაო

უკრაინა
297
Frontnews image description

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2022 წელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო, უკრაინის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა, - ამის შესახებ მან აშშ-ის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მახსოვს, 2022 წელს ვცდილობდი ჩემი ყოფილი ამერიკელი კოლეგის (საუბარია ჯო ბაიდენზე) დარწმუნებას, რომ არ იყო საჭირო იმ სიტუაციამდე მიყვანა, რის შემდეგაც შეიძლებოდა სერიოზული შედეგები სამხედრო მოქმედებების სახით დაწყებულიყო... დღეს ჩვენ გვესმის პრეზიდენტ ტრამპის ნათქვამი, რომ ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა. ვფიქრობ, ზუსტად ეს მოხდებოდა. ამას ვადასტურებ“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ომის საკითხი ალასკაში შეხვედრის დროს ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო. კერძოდ, თქვა, რომ ტრამპი ცდილობდა გაეგო "უკრაინის კონფლიქტის ფესვები" და ასევე უკრაინელებს "მოძმე ხალხი“ უწოდა.

პუტინის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია ომის დასრულებით, მაგრამ "კრიზისის ყველა ძირითადი მიზეზი უნდა აღმოიფხვრას“.

ამავდროულად, მისი მტკიცებით, უკრაინის უსაფრთხოება "აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი“ და ის, თითქოს, მზადაა ამაზე იმუშაოს.

"მინდა იმედი ვიქონიო, რომ ჩვენს მიერ მიღწეული ურთიერთგაგება საშუალებას მოგვცემს, მივუახლოვდეთ მიზანს და გავხსნათ გზა მშვიდობისკენ უკრაინაში. ჩვენ ველით, რომ კიევი და ევროპული დედაქალაქები ამას კონსტრუქციულად აღიქვამენ და ხელს არ შეუშლიან“, - განაცხადა პუტინმა.

Advertisement