Logo

ქუთაისში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საზოგადოება
1389
Frontnews image description

ქუთაისში, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. 

რიონის ხეობის მცველებს მხარდამჭერები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდნენ. აქციაზე იმყოფებიან გარემოს დამცველები, დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, ვისაც ეს საკითხი აწუხებს. 

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: გაუქმდეს მთავრობის განკარგულება, რომელიც უცხოელ ინვესტორზე რიონის ხეობის გადაცემას გულისხმობს, შეწყდეს ხელშეკრულება და 2015 წლიდან გაცემული ყველა ნებართვა. ასევე, კომპანია "ენკამ" დატოვოს ტერიტორია. მათ ძირითად მოთხოვნებს დღეს, ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც დაემატა, ვინაიდან მათი თქმით, ნათია თურნავამ შეხვედრიდან გაპარვით ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა. 

"ხელისუფლებამ თვითონვე ჩამოიხსნა ნიღაბი, როდესაც გაგვექცა შეხვედრიდან. მათ პასუხები არ ჰქონდათ და გაიპარნენ ამ შეხვედრიდან. ამიტომ ვითხოვთ, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ჩვენ გვინდა, ჩამოვყალიბდეთ ისეთ სამოქალაქო საზოგადოებად, რომელსაც გვექნება უფლება, მოვითხოვოთ რეფერენდუმი, რომ მსგავსი საკითხები გადაწყდეს სწორედ რეფერენდუმით.

ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ პრემიერს, თუ ათიათასობით ადამიანის პოზიციას არ გაითვალისწინებენ, შეიქმნება ჯგუფები რეგიონებში და ჩვენ აუცილებლად დავიძრებით თბილისში. შემდეგი აქცია ჩატარდება პარლამენტთან, თუკი არ იქნება ჩვენი მოთხოვნები შესრულებული", – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. 

რიონის ხეობის მცველები დანებებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავენ საკუთარ მიწას. აქციის დასრულების შემდეგ, მოქალაქეთა ნაწილი ცენტრალურ მოედანზე, მანქანებში გაათევს ღამეს.

თაგები:

Advertisement