Logo

რა არის სატურაცია და რატომ უნდა გავიზომოთ?

საზოგადოება
1437
Frontnews image description

რა არის სატურაცია და რატომ უნდა გავიზომოთ?

 

მას შემდეგ, რაც პანდემიამ მოიცვა მთელი ქვეყანა, თითქმის ყველას ოჯახში გაჩნდა სატურაციის საზომი აპარატი, თუმცა ალბათ, ბევრმა არც იცის, რა არის სატურაცია და რატომ არის აუცილებელი მისი გაზომვა. სატურაცია სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელია. სპეციალისტების თქმით, სისხლის წითელი უჯრედები – ერითროციტები შეიცავს  ცილა ჰემოგლობინს, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი ორგანიზმში. ჯანმრთელი ადამიანის სატურაციის ნიშნული 95-ზე ზევით უნდა იყოს.

 

ყველასთვის ცნობილია ისიც, რომ „კოვიდ 19“-ის  ერთ-ერთი ვერაგი გართულება სწორედ  ვირუსული პნევმონიაა, რომელიც სწრაფად პროგრესირებს  და “კოვიდ 19“-ის მძიმე ფორმის შემთხვევაში, პაციენტის ორგანიზმში სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელი მკვეთრად ქვეითდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტს ჟანგბადი საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება, რაც უკვე საგანგაშოა. ამიტომაც  კორონავირუსით დაავადებულ თითქმის ყველა  პაციენტს  სატურაციის ხშირად შემოწმებას ურჩევენ. მით უმეტეს, იმ ფონზე,როცა ის სახლის პირობებში ებრძვის კორონავირუსს. 
სატურაციის მაჩვენებლების მიხედვით, ოჯახის ექიმები, რომლებიც დისტანციურად მართავენ  პაციენტებს, საზღვრავენ პნევმონიის სიმძიმეს. სწორედ ამ მაჩვენებლით  განისაზღვრება, სჭირდება თუ არა პაციენტს ჟანგბადის მიწოდება და არის თუ არა საჭირო მისი ჰოსპიტალიზაცია.

 

სატურაციის გასაზომად პულსოქსიმეტრი გამოიყენება, რომელიც თითზე მაგრდება და მის ეკრანზე ჩნდება სატურაციის  და ასევე, პულსის მაჩვენებელი. თუ თქვენი პულსოქსიმეტრი აჩვენებს 99%-ს, ეს ნიშნავს, რომ ჰემოგლობინის 99%-ს გადააქვს ჟანგბადი, 1 პროცენტს კი – არა. თუ კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტს აქვს  93%-ზე დაბალი სატურაცია, ამასთან, სუნთქვის სიხშირე  წუთში 30-ზე მეტია და მაღალი ტემპერატურა უფიქსირდება, მაშინ აუცილებელია სასწრაფოს გამოძახება და პაციენტის  სასწრაფოდ კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია.

 

როგორ უნდა გავიზომოთ სატურაცია? 

 

ბოლო დროს გაიაფდა კიდეც სატურაციის საზომი აპარატი და  ადამიანები  ხშირად დღეში რამდენიმეჯერაც  იკონტროლებენ ამ მაჩვენებელს. სატურაციას იზომავენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა „კოვიდ- 19“ არ აქვთ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის თქმით, ხშირია ცრუ განგაშის შემთხვევებიც.

“სატურაციის აპარატი  უკვე თითქმის ყველას სახლშია. გამოძახებაზე რომ მივდივართ, გვხვდებიან შეშფოთებული ადამიანები, საკმაოდ ხშირად – ასაკოვანი პაციენტები,  რომლებსაც თავად უწევთ საკუთარ თავზე ზრუნვა.  ამბობენ, რომ  ძალიან დაბალი აქვთ მაჩვენებელი, მაგრამ  გადამოწმების შემდეგ სულ სხვა სურათი გვხვდება. უჭირთ იმის გარჩევაც კი, რომელია პულსის მაჩვენებელი და რომელი – ჟანგბადის, ამიტომ ტეხენ განგაშს. ანდა, დაბალი მაჩვენებელი სატურაციის არასწორად გაზომვის გამოც შეიძლება დაუფიქსირდეთ. ზოგჯერ  აპარატია  მწყობრიდან გამოსული, ან ელემენტია დამჯდარი და  არ ზომავს სწორად. 

 

სატურაციის გაზომვას ისედაც თავისი წესები აქვს. აუცილებელია, დაიცვათ შემდეგი წესები: გაზომვის დროს ვიყოთ მშვიდად; უმჯობესია დავჯდეთ და ისე გავიზომოთ; გაზომვა უნდა გრძელდებოდეს 3-4 წუთის განმავლობაში, რადგან პირველი მაჩვენებლები ხშირად არასწორია; თითი უნდა იყოს თბილი, თუ ცივია, შეიძლება არასწორად  გაიზომოს; სასურველია, არ გვესვას  ფრჩხილზე ლაქი.  თუ  აპარატის ელემენტი ჯდება, უნდა გვახსოვდეს, რომ ის დაბალ მაჩვენებელს აღნუსხავს. 

 

რაც შეეხება კოვიდვირუსს, მართლა ვერაგია და შესაძლოა, პაციენტი ძალიან მოულოდნელად დამძიმდეს. უსწრაფესად ვითარდება მძიმე პნევმონია.  ხშირია შემთხვევები, როცა მძიმე პნევმონიის განვითარების ფონზე პაციენტები ვერც კი გრძნობენ ორგანიზმში ჟანგბადის კონცენტრაციის მკვეთრ დაცემას. ამიტომ როცა  ინფიცირებული ადამიანი სახლშია, სასურველია, ოჯახის წევრმა მუდმივად აკონტროლოს მისი მდგომარეობა, ხშირად გაუზომოს მას სისხლში ჟანგბადის შემცველობა, რადგან პაციენტმა შესაძლოა, ვერც კი იგრძნოს სუნთქვის მძიმე უკმარისობა. ხოლო როცა სუნთქვა ძალიან გაუჭირდება,  უკვე დაგვიანებულიც კი  აღმოჩნდეს მისი ჰოსპიტალიზაცია.  ასეთი პაციენტები, ჩვეულებისამებრ,  კლინიკებში გადაჰყავთ, მაგრამ  შემდეგ იმდენად მძიმდებიან, რომ  გამორიცხული არ არის  დაავადების ლეტალური შედეგით დასრულება.  სამწუხაროდ, ამის სტატისტიკა გვაქვს და იღუპება უამრავი ადამიანი. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მძიმე პაციენტების უმრავლესობას აცრა გაკეთებული არ აქვს. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ასაკოვნებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, დროულად გაიკეთონ ვაქცინაცია და დაიცვან საკუთარი სიცოცხლე “, – ამბობს ექიმი.

 

კიდევ რა შემთხვევაში იყენებენ აპარატს?

 

პულსოქსიმეტრი გულის ქრონიკული უკმარისობის დროსაც გამოიყენება, ასევე – გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებისა და ძილის დარღვევისას. აპარატს ფილტვების დაავადებების დროსაც ხმარობენ, მაგალითაც, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს (ფქოდ). 

 

ფქოდი არის სასუნთქი გზების (ბრონქების) შეუქცევადი ან ნაწილობრივ შექცევადი ობსტრუქციის (სპაზმი, შევიწროება) შედეგად განვითარებული მდგომარეობა, რაც გამოწვეულია სასუნთქი სისტემის პასუხით  მასში მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერებების მიმართ. ამ დაავადების ძირითადი გამომწვევი სიგარეტის ბოლში არსებული ტოქსიკური ნივთიერებებია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირებს სატურაცია შედარებით დაბალი აქვთ და ორგანიზმი ადაპტირებულია ჟანგბადის ასეთ კონცენტრაციასთან. ამიტომ თუ ასეთ პირებს ნორმაზე დაბალი მაჩვენებელი დაუფიქსირდათ,  ეს შეიძლება მათი დაავადებით  იყოს გამოწვეული.

 

რა სიმპტომების დროს უნდა მივიტანოთ ეჭვი ჟანგბადის დეფიციტზე? 

 

თუ თქვენ გაქვთ ჰაერის უკმარისობა,  ქოშინი, სუნთქვის გაძნელება როგორც მოსვენებისას, ასევე – ფიზიკური დატვირთვის დროს, ან პირიქით – გახშირებული სუნთქვა, უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში და ა.შ, მაშინ აუცილებლად უნდა შეიმოწმოთ სატურაციის მაჩვენებელი. ექიმის თქმით, შეუძლებელია, ადამიანს დაბალი სატურაცია ჰქონდეს და მას არავითარი სიმპტომი არ აწუხებდეს, ამიტომ  თუ  ასეთი არანაირი სიმპტომი არ გაქვთ და სატურაციის მაჩვენებელი მაინც დაბალია, უნდა ივარაუდოთ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ. ნუ შეგეშინდებათ,    მაჩვენებელი რამდენჯერმე გადაიმოწმეთ, და თუ განმეორებითი გაზომვის დროს სხვა მაჩვენებელი მიიღეთ, შეგიძლიათ, დამშვიდდეთ. 

 

რატომ უნდა მივაქციოთ სატურაციას ყურადღება? 

 

თუ ჟანგბადის დეფიციტს ყურადღებას არ მივაქცევთ, ამან შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, გაღრმავდეს და განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა, რაც საკმაოდ მძიმე გართულებაა. ამიტომ გახსოვდეთ, თუ პაციენტს საერთოდ არაფერი აწუხებს, მაგრამ მისი სატურაციის მაჩვენებელი პერიოდულად სცდება ქვედა ზღვარს,  ჯობია, დროულად მიმართოს ექიმს.  

Advertisement