რაიდერი – შემაშფოთებელი რიტორიკა, რომ აშშ გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას

ავტორი
Front News საქართველო
“რუსეთია ის, ვინც დაძაბულობის გამწვავებას ცდილობს”, – ასე გამოეხმაურა პენტაგონის პრესსპიკერი პეტ რაიდერი საქართველოს მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის იმ განცხადებებს, რომელთა თანახმადაც, დასავლელი პარტნიორები თითქოს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევას ცდილობენ.
“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, გენერალ-მაიორი, პენტაგონის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ამერიკა აფასებს იმ ორმხრივ ურთიერთობას, რაც საქართველოსთან წლებია აკავშირებს და დიალოგს განაგრძობს, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზი ის შემაშფოთებელი რიტორიკა გახდა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა გამიზნულად ცდილობს რეგიონში ვითარების დაძაბვას.
“სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რაც აბსოლუტურად მცდარია.
რუსეთია ის, ვინც ცდილობს უკრაინაში ამ კონფლიქტში დაძაბულობის გამწვავებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზების ძიებას, თუ რა ორმხრივი ჩართულობა შეიძლება გვქონდეს საქართველოსთან. ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას. ისინი [საქართველო] მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში და განვაგრძობთ ამაზე ფოკუსირებას”, – განუცხადა “ამერიკის ხმას” პეტ რაიდერმა.
თაგები:
პატრიკ რაიდერი




