Logo

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიცია დახმარებას ითხოვს, თუმცა დასავლეთიც ძველ ტაქტიკას უბრუნდება, ზეწოლას განცხადებების სახით, მოქმედების გარეშე აგრძელებენ

ინტერვიუ
226
Frontnews image description

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად, უკვე დააკავეს რამდენიმე ოპოზიციონერი, დაანონსებულია სხვების დაბარება, მათ შორის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისაც. ამ პროცესს ზოგიერთი ხელისუფლების ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობად მიიჩნევს, ოპოზიცია კი მას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. ამავე დროს, ოპოზიციური ლიდერების ნაწილი ახალი სტრატეგიისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა ხელისუფლება შიდა სტაბილურობაზე საუბრობს. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე Front News-თან ამ პროცესებს საზოგადოებრივი რეაქციის, პოლიტიკური დისკურსის და საერთაშორისო ფაქტორის ჭრილში აფასებს. 

– დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა, როგორც ოპოზიცია ამბობს, უკიდურესად პოლიტიზებული გახდა და გაჩნდა მოლოდინი, რომ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა მასობრივ ხასიათს მიიღებს. ცხრა პოლიტიკოსი, მათ შორის ზურაბიშვილიც, შესაძლოა, დაიბარონ. როგორ შეაფასებდით ამ პროცესს – სად გადის ზღვარი კანონიერ გამოძიებასა და პოლიტიკურ რეპრესიებს შორის?

– უკვე ოპოზიციის განცხადებებიდანაც ჩანს, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები ნაკლებად აქვთ და მხოლოდ იმას ამტკიცებენ, თითქოს დაბარებები მხოლოდ პოლიტიკური მოტივით ხდება. საქართველოს მოსახლეობას ჯერ ისევ კარგად ახსოვს ის 9 წელი და იცის, რას ნიშნავს უსამართლობა. ყველას უნახავს პოლიტიკური ლიდერების დაკავება და ციხეში წამება. ასეთ ფონზე, როგორ უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არიან?

გვარამია ერთხელ უკვე იყო დაჭერილი და განთავისუფლდა უვნებლად. ახლა თვითონ მივიდა ციხესთან – რატომ? იმიტომ, რომ იცის: ცოტა ხანს ჩაჯდება და "დაისვენებს". ხალხს არაერთი დაპირება მისცეს და მოატყუეს. იმედგაცრუებულ ამომრჩეველს მხოლოდ ეს დარჩა – იმედის დაკარგვა. ახლა კი, როცა გამოსავალი ვერ ნახეს, თავად აწყობენ საკუთარი დაჭერის სცენარს.

დღეს ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათი დაკავება მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებს ემყარება, მაგრამ ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების შემდეგ რატომ უნდა ენდოს მათ საზოგადოება? ოპოზიციამ ვერ გაიაზრა, რომ ასეთი თვალშისაცემი ტყუილები ქართველებისთვის აღარც ეფექტურია და აღარც მისაღები. ასეთ დროს მათი განცხადებები გავლენას კარგავს.

– მაშინ რა არის თქვენი შეფასებით ხელისუფლების სტრატეგიული მიზანი – ოპონენტების ჩამოშორება, საზოგადოების დაშინება თუ წინასაარჩევნოდ პოზიციების გამყარება?

– ხელისუფლების გზავნილი არის ერთმნიშვნელოვანი – წესრიგის დამყარება. მაგრამ საკითხავია, რატომ ახლა? წესრიგის დარღვევამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო. ოპოზიციურად განწყობილი პირები დემონსტრაციულად უჩვენებენ საზოგადოებას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მათთვის არაფერს ნიშნავს. ეს სახელმწიფოს მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიაა.

სხვა ქვეყნებში ასეთი ქმედებები მკაცრად ისჯება. ოპოზიცია ცდილობს სახელმწიფოს კრიტიკულად განაწყოს საზოგადოება, თუმცა შედეგი არ ჩანს – პროტესტზე ადამიანები ცოტა რაოდენობით იკრიბებიან.

მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, რომ ასეთი სცენარი გარკვეულწილად დასავლეთიდან ინსპირირდებოდეს. როგორც კი ვინმეს დააკავებენ, იმავე საღამოს დასავლელი პოლიტიკოსები განცხადებებს აკეთებენ. მაგრამ, თუ „ოცნება“ არავის დააკავებს, არც განცხადებების საფუძველი ექნებათ. ამიტომ ოპოზიცია თავად აწყობს სიტუაციას, რომ შემდეგ დასავლეთს სთხოვოს – დასაჯოს ხელისუფლება.

– ოპოზიცია ცდილობს ახალ სტრატეგიაზე გადავიდეს. ზურაბ ჯაფარიძე თავის წერილში საუბრობს პლატფორმის შექმნაზე, სადაც ყველა მოქალაქე, ვინც რეჟიმის ცვლილებას ემხრობა, უნდა დარეგისტრირდეს. ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გამოაცხადა და რევოლუციისკენ მოუწოდა მოსახლეობას. ალეკო ელისაშვილმა კი ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანება მოითხოვა. როგორ შეაფასებთ ამ ინიციატივებს – რეალური მექანიზმებია თუ სიმბოლური პროტესტი?

– ვურჩევ ჯაფარიძეს და სხვა ოპოზიციურ ლიდერებს, საზოგადოებას პირდაპირ ჰკითხონ – სურთ თუ არა „ოცნების“ "ნაციონალებით" ჩანაცვლება ან მისი განშტოებებით. ელისაშვილმა სააკაშვილს პირდაპირ მიმართა, ხელის ჩამორთმევაზე. ჯაფარიძე თავად იყო ნაციონალების დროს. მელია, გვარამია და სხვა ლიდერები უმეტესად ამ ძალასთან არიან დაკავშირებული.

შეიცვალონ რაც უნდა სახელი, ხალხს მეხსიერება არ უქრება. პირდაპირ დააყენონ კითხვა – სურს თუ არა საზოგადოებას „ოცნების“ ნაცებით ჩანაცვლება. ასევე დააყენონ მესამე კითხვაც – ვის არ უნდა არც ნაცები და არც "ოცნება".

ოპოზიციამ წლების განმავლობაში ერთხელაც ვერ მოიგო არჩევნები. ეს არ არის საზოგადოების პასუხი? სად არის გაყალბების მტკიცებულებები?

ამიტომაც, მათი დაკავებები ხალხს ნაკლებად აღელვებს. ასეთი მდგომარეობა – როცა ოპოზიციის დაჭერაზე ხალხი არ აპროტესტებს – თავისთავად მეტყველებს. ერთსა და იმავეს გამუდმებით გიმეორებენ და სწორედ ესაა მათი მარცხის მთავარი მიზეზი.

– გახარიას გუნდის მდგომარეობაც კრიზისულია – 12 დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი განიხილება, თავად ყოფილი პრემიერი კი არ იმყოფება ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, დაბრუნდება თუ ჩამოშორდება პოლიტიკას?

– რთულია გახარიას გადაწყვეტილების წინასწარ შეფასება. შესაძლოა, ამ ეტაპზე დაბრუნებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

სიტუაცია მისთვისაც ბუნდოვანია – ოპოზიცია გაჯიუტებულია და მასთან გახარიას არცთუ ბევრი აქვს საერთო. თუ გახარია არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მისი პარტიის მხარდამჭერები სხვა ოპოზიციურ ძალებთან აღმოჩნდებიან.

ასევე საუბარია "ლელოზე", რომლის მონაწილეობის შანსიც არსებობს. საბოლოოდ, მთავარი არა კონკრეტული პიროვნება, არამედ პარტიის მოქმედებაა. ორივე შემთხვევაში – დაბრუნებით ან საზღვარგარეთ დარჩენით – გახარიას პარტიას შეუძლია დამოუკიდებლად გააგრძელოს ფუნქციონირება და არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა.

– პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აშშ-თან ურთიერთობას გადახედავს და გზამკვლევიც მზადდება. თქვენი აზრით, ეს საგარეო კურსის ცვლილების მცდელობაა თუ შიდა პოლიტიკისთვის გათვლილი სიგნალი?

– ვფიქრობ, მსგავსი განცხადებები, განსაკუთრებით ყოველდღიურად რომ კეთდება, პირველ რიგში ადგილობრივ ამომრჩეველს ემსახურება. თუმცა, ბუნებრივია, ხმაურობს საერთაშორისო დონეზეც, რათა აშშ-მა იცოდეს – საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის.

თუმცა ამ ეტაპზე რეალური დაპირისპირება ნაკლებად მგონია. აშშ-ს ჯერ ჩინეთთან არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ურთიერთობა. სანამ ეს არ დალაგდება, საქართველოზეც გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდებათ.

– ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან არაერთი კრიტიკული განცხადება მოვისმინეთ, თუმცა რეალური მოქმედებები ნაკლებად ჩანს. თქვენი შეფასებით, აქვს თუ არა ამ გზავნილებს გავლენა ხელისუფლებაზე და არსებობს თუ არა შემაკავებელი ფაქტორი დღეს?

– დასავლეთი დიდი ხანია, დგას არჩევანის წინაშე – დაუპირისპირდეს "ოცნებას“ თუ არა. ხედავენ, რომ „ოცნება“ უკან არ იხევს.

ასე რომ, საკითხავია, აჯობებს თუ არა ღიად დაპირისპირება. მოსახლეობის ნეიტრალურმა დამოკიდებულებამ და ხელისუფლების სტაბილურობამ დაანახა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებიდან  გადაგდება მარტივი არ არის. ამიტომაც, დასავლეთი ფრთხილობს – ვერც რადიკალურ ნაბიჯებს დგამს და ვერც თავის სიტყვებზე ბოლომდე ამბობს უარს.

ოპოზიცია დახმარებას ითხოვს, თუმცა დასავლეთიც ძველ ტაქტიკას უბრუნდება – ზეწოლას განცხადებების სახით, მოქმედების გარეშე აგრძელებენ. სწორედ ეს არის ამ პოლიტიკური თამაშის არსი. 

ელზა პაპოშვილი

Advertisement