Logo

რამაზ საყვარელიძე - პრემიერი ბევრად ეფექტურად შეძლებს სახელისუფლებო შტოების მართვას და არსად პრობლემა არ შეექმნება

ინტერვიუ
5 საათის წინ / 15:04
Frontnews image description

ძალაუფლების სრული კარტ-ბლანში ირაკლი კობახიძემ აიღო და  პრემიერის თანამდებობასთან ერთად, ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარის პოსტსაც იკავებს. "ქართული ოცნების" მეცხრე ყრილობაზე მეშვიდე თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე, მეორე ვადით აირჩიეს. პრემიერ-მინისტრი, რომელიც მანამდე პარტიას 3 წლის განმავლობაშიც ხელმძღვანელობდა, ახლა ისევ პარტიის თავმჯდომარეა. 

ამის პარალელურად კი ამერიკაში "მეგობარი აქტი“ კონგრესმა მიიღო და უკვე სენატშიც დარეგისტრირდა. ასევე ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს, რის შემდეგაც ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის შეჩერებული ურთიერთობის აღდგენა გახდება შესაძლებელი.

რა ხდება საქართველოს ხელისუფლებაში, რატომ გახდა საჭირო კობახიძისთვის სრული ძალაუფლების მიცემა და შესაძლებელია თუ არა დასავლეთთან ურთიერთობის დარეგულირება? ამ და სხვა პოლიტიკურ თემებზე Front-News-თან ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საუბრობს. 

- როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის ყველა სახელისუფლებო ვერტიკალში გაძლიერებას?

- მე არ ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებაში რაიმე ბოროტი განზრახვაა, ან რაღაცა შეთქმულების თეორიების ძებნა უნდა დავიწყოთ. ამ ყველაფერს მე ვფიქრობ, მარტივი მიზეზი აქვს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში ყოველთვის ასეა, რომ ქვეყნის გამარჯვებული პარტიის პრემიერიც და თავმჯდომარეც ერთი და იგივე პირია. ასეთი პარტიული და აღმასრულებელი ხელისუფლებების შერწყმა ევროპული ტრადიციაა. რაღაცა ლოგიკა პრემიერის არჩევას ხომ უნდა ჰქონდეს. აქ კი ეს ლოგიკაა, ვინც გაიმარჯვებს იმ პარტიის ლიდერი პრემიერი იქნება. 

- თუმცა გამორიცხავთ, რომ მხოლოდ ამ ლოგიკით არ იხელმძღვანელა პარტიამ და მისმა საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა? რადგან აქამდე ეს სტანდარტი პრობლემას არ ქმნიდა, არც ქვეყნისთვის და არც ხელისუფლებისთვის. ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ კობახიძეს ყველა სახელისუფლებო ვერტიკალში ადგილი გაუთავისუფლეს?

- ვიმეორებ, რომ ევროპაშია ასე და პარტიასაც და მთავრობასაც ერთი და იგივე ადამიანი მართავს. ამიტომ აქ კობახიძისთვის გზის გათავისუფლებას და ხელში ძალაუფლების ჩაგდების მიზანს ვერ ვხედავ. ეს არის ჩვეულებრივი მიღებული სტანდარტი ევროპულ ქვეყნებში, რაც ჩვენთანაც არ უნდა იყოს პრობლემა. ირაკლი ღარიბაშვილი რატომ არის სათამაშო მოედნიდან გაყვანილი, ეს კიდევ ცოტა რთული საკითხია. ამაზე ალბათ, უფრო დრო გვაჩვენებს და კიდევ დამატებით პასუხები გაეცემა. მაშინაც როცა ღარიბაშვილი თავის დროზე პარტიის თავმჯდომარედ დაინიშნა, მუდამ იყო იმაზე საუბარი, რომ პარტიასა  და მთავრობას ერთი და იგივე ადამიანი უნდა მართავდეს.

- თუმცა კობახიძეს სამთავრობო ვერტიკალშიც სრული თავისუფლება მიეცა. ჩვენ ვნახეთ სუსის უფროსი ლილუაშვილი როგორ წავიდა და გაჩნდა ასეთი შთაბეჭდილება, რომ ის სპეციალურად გაიყვანა ივანიშვილმა პოლიტიკური საჭადრაკო დაფიდან. კობახიძემ ჩაიბარა სუსი, რომელიც ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ძალოვანი სტრუქტურაა. აქ რა მოხდა როგორ ფიქრობთ?

- აქაც ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ. როცა პრემიერს საკუთარი გუნდის წევრები მოჰყავს და კაბინეტს აკომპლექტებს, აქ  უცნაური არაფერია. აბა რა ლოგიკით უნდა შეავიწროოს პრემიერ-მინისტრი ვინმემ და მას გადაწყვეტილების მიღების არეალი შეუზღუდონ. მე არ მგონია, რომ ლილუაშვილი კობახიძისთვის სირთულე ყოფილიყოს. თუმცა დავუშვათ რაღაცაზე ვერ თანხმდებოდნენ და არ მოსწონდათ ერთმანეთი, ვის უნდა დაუჯეროს კობახიძემ, როცა ის არის პირველი პირი. ამიტომაც ცვლის ის საკუთარი შეხედულებისამებრ კადრებს. ამ ლოგიკას უკარნახებს პოლიტიკა და ეს ქვეყნის მართვისთვისაც კარგია. პრემიერი ბევრად ეფექტურად შეძლებს სახელისუფლებო შტოების მართვას და არსად პრობლემა არ  შეექმნება.

- მოუწევს თუ არა „ოცნებას“ „მეგობარი აქტის“ მიღების შემთხვევაში უკან დახევა და რა სახის გავლენას მოახდენს მიღების შემთხვევაში ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე? უკვე ცნობილია, რომ ის სენატმაც დაარეგისტრირა და თუ აქაც მოხდა მხარდაჭერა, მაშინ მას ხელი უკვე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს, რომ კანონად იქცეს. ქვეყნის პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას უკან დახევის უფლება არა აქვს, რადგან ისინი ანგარიშვალდებულები საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან არიან. შესაბამისად,  იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიფ სთეითს“ წინააღმდეგობას გაუწევს და ამ ე.წ. მეგობრობის აქტს ხელს არ მოაწერს. თქვენი შთაბეჭდილება როგორია, რა სახის პოლიტიკური მდგენელი შესაძლოა, "მეგობარი აქტი“ საქართველოსთვის გახდეს?

- ამ აქტის მიღების დროს თითქმის დარბაზი ცარიელი იყო. სადღაც 10 კაცამდე იყო, აქედან 4 წინააღმდეგი იყო ამ აქტისთვის მხარი დაეჭირა. ამის შემდეგ კი მთელი შემადგენლობა შემოიყვანეს და აქტს კონგრესში მხარი დაუჭირეს. ე.ი. დანარჩენმა კონგრესმენებმა ამ აქტს ხმა მისცეს არა საკუთარი ნააზრევით და პოზიციის გამო, არამედ მითითების შედეგად. ასეთი მითითებებით მართული პოლიტიკა საბჭოთა პერიოდში ნანახი გვაქვს. როცა ხელს იწევდნენ იმის გამო, რომ მითითება ზემოდან იყო. იმავეს ვხედავთ ევროკავშირში, როცა რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებენ მითითებებით საქართველოს წინააღმდეგ. ევროპარლამენტში რამდენიმე კაცი დაობდა, მერე კი შემოიყვანეს დანარჩენები და ხმა მიაცემინეს.

თუკი ამერიკაც მითითებებით მუშაობას აპირებს, მაშინ ეგ მექანიზმია სწორედ "დიფ სთეითი“ და სხვა მეტი არაფერი. ჩვენთვის რა გამოსავალი ჩნდება? ვხედავთ, რომ უკვე გაშიფრულად კონგრესმენი ჯო უილსონი ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველომ ჩინეთზე უარი უნდა თქვას. ასევე რუსეთის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაზე. საქართველო რუსეთის მიმართულებით რომ ნაბიჯებს არ დგამს, ეს კარგად ჩანს, თუმცა ჩინეთთან კი ბატონო, გაფორმდა სტრატეგიული ხელშეკრულება და თანამშრომლობისთვის ორივე ქვეყანა ღიაა. ჩინეთი საქართველოსთვის არის ახლა უდიდესი მნიშვნელობის ქვეყანა, როგორც ეკონომიკური ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ვხედავთ, რომ რუსეთს ჩინეთის ეშინია და ანგარიშსაც უწევს. ამიტომ საქართველოსთვის ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა შესაძლოა, რიგი პრობლემების გადასაჭრელად აღმოჩნდეს. ამიტომ ჩვენ უკან დასახევი გზა თითქმის მოჭრილი გვაქვს. ამერიკა „დიფ სთეითის“ გზას თუ გააგრძელებს, ეს საქართველოსთვის არ იქნება სიკეთის მომტანი. ისევ მოგვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური ხაზი და სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ.

- გზავნილი ევროკავშირიდანაც არის. ევროკომისარმა კოსმა „ოცნებას“ შემდეგი სახის 4 პირობა წაუყენა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლების და ევროკავშირის დიალოგის აღდგენა შესაძლოა, მოხდეს. თუმცა აქ არის საუბარი ოპოზიციასთან დიალოგზე წასვლაზე და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე. ეს კი თავის თავად ახალი არჩევნების დანიშვნას გულისხმობს. არსებობს ახლა რესურსი იმის, რომ ხელისუფლება რაიმე მოლაპარაკებაზე, ან კომპრომისზე წავიდეს ოპოზიციასთან?

- მოდი დავსვათ კითხვა ასე, ოპოზიციას კი აქვს რაიმე რესურსი ხელისუფლებასთან დიალოგზე წასასვლელად? ევროკავშირს ვალდებულება მითითებების გარეშე სხვა არაფერი აქვს? ევროკავშირის ასეთი პოლიტიკა გულისხმობს, რომ დავუშვათ "ოცნებამ“ ეს მითითებები შეასრულა, მაშინ გამოდის, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში აღიარებს, რომ წინა არჩევნები გაყალბდა. შემდეგ, თუ გამოუშვებს პატიმრებს, რომლებიც აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმებსა და სახელმწიფო შენობებზე შტურმის მიტანაში არიან ეჭვმიტანილები, აღიარებს, რომ ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არიან. შესაბამისად, "ოცნების“ მხარდამჭერებს ექნებათ განცდა, რომ ამ პარტიამ მათი ხმები ვერ დაიცვა. შესაბამისად, ახალი არჩევნების დროს, ისინი „ოცნების“ მხარდასაჭერად აღარ მივლენ. განაწყენებული იქნება ელექტორატი. საკითხის ასე დაყენება იმას  ნიშნავს, რომ ევროკავშირს სურს „ოცნებამ“ მხარდამჭერები დაკარგოს. ამით კი ევროკავშირი აკეთებს „ნაციონალების“ საქმეს. ხელისუფლებაში მოდის კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", რომელთა დანახვაც ქართველ ხალხს ჭირივით ეზარება. ამიტომ არის რომ წლებია, ეს ხალხი ვერ მოდის ხელისუფლებაში. 

- როგორ ფიქრობთ, თავად ოპოზიცია არის მზად ახალი არჩევნების ჩანიშვნისთვის?

- ოპოზიციას ახლა ყველაზე მეტად არ უნდა აწყობდეს ახალი არჩევნების დანიშვნა. უფრო დაშლილი და დასუსტებულია, ვიდრე 2024 წლის არჩევნებისთვის იყო. ვინც საპროტესტო აქციებზე დგას რუსთაველზე, ამბობენ, რომ პარტიებთან კავშირი არ აქვთ. მაშინ რა გამოდის, ვის და რატომ უნდა დაელაპარაკოს ხელისუფლება. ვინ არის ახლა ოპოზიციაში ლიდერი, რომელთანაც რაიმე მოლაპარაკებაზე წასვლა ღირს? თავად რუსთაველზე მდგომი ახალგაზრდებიც კი არ იკარებენ ამ ოპოზიციას გვერდით და რაზე შესაძლოა, ხელისუფლება მათ ესაუბროს? მე ახალი არჩევნების ჩატარების არანაირ წინაპირობას არ ვხედავ. 

ელზა პაპოშვილი 

Advertisement