“რასაც პროკურატურა ითხოვს, “TV პირველში” არ ინახება, რომ იყოს, მაინც არ გადავცემთ”


ავტორი
Front News საქართველო
"TV პირველის" ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე იმ განჩინებაში არსებულ სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობს, რომლითაც სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მისცა.
როგორც მშვენიერაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემა "კომენტარში" განაცხადა, კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის დროს მიღებული ინფორმაცია აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოებს უფლებამოსილება არ აქვთ, წყაროს გამჟღავნება მოითხოვონ.
"ეს მოთხოვნა არ გულისხმობს მხოლოდ ვერბალურად, ანუ მოწმის ჩვენების მიცემის სახით წყაროს გამჟღავნებისგან თავის შეკავების შესაძლებლობას. ეს მოიცავს ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გადაცემისგან თავის შეკავებას, რომელმაც შესაძლებელია ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება გამოიწვიოს.
უფრო დეტალურად ამ საკითხს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს, რომელმაც ეს გარანტიები კარგად ასახა მის 50-ე მუხლში და თქვა, რომ არ შეიძლება მისი ნების საწინააღმდეგოდ მოწმედ იქნეს დაკითხული ჟურნალისტი იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია კონფიდენციალური წყაროდან ინფორმაციის მიღებასთან ან მას მოეთხოვოს რაიმე საგნის, მტკიცებულების ან რაიმე დოკუმენტის გადაცემა საგამოძიებო ორგანოსთვის", – განაცხადა მშვენიერაძემ.
რაც შეეხება პროკურატურის მოთხოვნას იმ "მატარებლის" ამოღებაზე, რომელზეც სატელეფონო საუბარია ჩაწერილი, მშვენიერაძე აცხადებს, რომ ის ტელეკომპანიაში არ ინახება და რომ ინახებოდეს, საგამოძიებო უწყებას არც ამ შემთხვევაში გადასცემდნენ.
"ჩვენ ვნახეთ რომ პროკურატურამ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს და მოითხოვა არა თავად აუდიოჩანაწერი, რომელზეც შეიძლება ექსპერტიზა ჩატარდეს, არამედ ის მატარებელი [ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა], რაზეც არის ჩაწერილი. ერთია ის, რომ ეს მატარებელი ტვ პირველში არ ინახება და ვერ გადასცემს და მეორე, კიდეც რომ ინახებოდეს მაინც არ გადავცემთ, რადგან ასეთი მოთხოვნის უფლება პროკურატურას არ გააჩნია. ამ ფონზე ძალიან არაპროფესიონალურად გამოიყურება მოსამართლის მიერ ამოღების განჩინებაში ჩაწერილი ტექსტი, რომ პროკურატურას შეუძლია პროპორციული ძალის გამოყენება", – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
მისივე თქმით, რომ მოსამართლის განჩინებაში კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც არ არის გათვალისწინებული.
"გარდა ამისა, კანონი მოითხოვს, რომ სასამართლომ განჩინებაში უნდა მიუთითოს სად ტარდება ტერიტორიულად, რომელ უძრავ/მოძრავ ქონებაში ამოღება განჩინებაში უნდა იყოს აუცილებლად მითითებული თუკი ცნობილია ვინაობა ვისთან ინახება ან სად ინახება ამოსაღები ნივთი. არცერთი მათგანი განჩინებაში არ არის მითითებული. ამ განჩინებით ფაქტობრივად ნიშნავს რომ პროკურატურას შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მიადგეს და უთხრას, შენ ხომ არ გაქვს ეს და უნდა მომცე. წარმოუდგენელია ასეთი რამ", – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
დღეს, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მისცა. ფრაზა იძულებაზე აღნიშნულია მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინებაში, რომელიც ტელეკომპანიამ 10 მარტს მიიღო.
მოგვიანებით, პროკურატურამ მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია "ტელევიზიაში შეჭრაზე", სიცრუეა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს