Logo

"რატომ ხდება ეს უსამართლობა ჩვენს ქვეყანაში, რას ედავებიან ჩემს შვილს? სამშობლოს სიყვარულს? ძალიან მაგარი ბიჭი მყავს, ამასაც გაუძლებს"

საზოგადოება
175
Frontnews image description

დავით ხომერიკის განაჩენს მისი ოჯახის წევრები აფასებენ.

ხომერიკის დედის განცხადებით, მის შვილს საპროტესტო აქციაზე ყოფნის გამო სჯიან და მას ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილი" არ ჰქონია.

"დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თქვენი აქ ყოფნა ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან აღელვებული ვარ, უბრალოდ, მეგონა, რომ ჩემს შვილს სასჯელს შეუმსუბუქებდნენ, მეგონა, რომ 9 თვე საკმარისი იყო ამათთვის. არ არსებობს ვიდეომტკიცებულება, მოძალადეები თვითონ იყვნენ - სცემეს, გაუპატიურებით დაემუქრნენ, თავში ურტყეს. რისი გულისთვის? 

გამომძიებელი მირეკავს, ადმინისტრაციულია დავაკავეთო და მერე მითხრეს სისხლის საქმე აღიძრაო. რატომ ხდება ეს უსამართლობა ჩვენს ქვეყანაში, რას ედავებიან ჩემს შვილს? სამშობლოს სიყვარულს? ჩემი შვილი მუსიკოსია და ამის ჩაკვლაც უნდათ? ჩემი შვილი სულით თავისუფალია. ძალიან მაგარი ბიჭი მყავს, ამასაც გაუძლებს.

ვიცი, რომ ეს რეჟიმი დასრულდება, ხალხი ჩვენ გვერდით დგას, ეს მაძლიერებს. აქციებზე დგომა ჩაუთვალეს დანაშაულად", - განაცხადა დავით ხომერიკის დედამ.

დავით ხომერიკის ბებიის განცხადებით კი, არ არსებობს საქმეში მტკიცებულება.

"მოვდიოდი იმის იმედით, რომ ჩემს შვილიშვილს გაათავისუფლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტის მტკიცებულება არ იყო, რომ მას ჰქონდა "მოლოტოვის კოქტეილი". ელემენტალურად, აქციაზე გასვლის გამო, 4 წელს მიუსჯიდნენ. 

ვფიქრობ, ჩემი შვილიშვილი ვაჟკაცია და ამ 4 წელს ვაჟკაცურად გადაიტანს. ღმერთი იყოს ჩემი შვილიშვილისკენ და მთავრობას რა ვუთხრა, მოსამართლეს, პროკურორს, რომელიც უსირცხვილოდ თვეებია, იტყუება სასამართლოზე. ვერავინ ებრძვის პროკურორს, ვერც მოსამართლეს და არ აქვთ უფლება, სიმართლე უთხრან.

მამა გამწარებული გავიდა, ვერ დაესწრო პროცესს იმიტომ, რომ იცოდა, როგორ გაუსწორდებოდნენ მის შვილს", - განაცხადა დავით ხომერიკის ბებიამ.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ დავით ხომერიკს თავისუფლების 4 წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. 

დავით ხომერიკი 2024 წლის 2 დეკემბერს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით - გზის გადაკეტვისთვის დააკავეს, შემდეგ კი პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავების დროს მას ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის გამზადებული იყო.

Advertisement