Logo

Responsible Statecraft - მიხეილ ყაველაშვილმა შეგვახსენა, რომ ქრისტიანული საქართველო ევროკავშირზე გაცილებით დიდი ხანია, არსებობს და დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის შემდეგაც კიდევ დიდხანს იარსებებს

პოლიტიკა
171
Frontnews image description

ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება რადიკალურ ცვლილებებს, რათა ევროკავშირს მოერგოს. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან ელოდება რადიკალურ ცვლილებებს, რათა საქართველოს მოერგოს, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემის Responsible Statecraft-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ნიუ-იორკში ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

"ეს უკანასკნელი შესაძლოა, აბსურდულ მისწრაფებად მოგეჩვენოთ, მხარეთა შედარებითი ზომის გათვალისწინებით (ევროკომისიის მიერ, რა თქმა უნდა, ამგვარად იქნება განხილული) მაგრამ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შემახსენა გასულ კვირას ნიუ-იორკში, ქრისტიანული საქართველო ევროკავშირზე გაცილებით დიდი ხანია, არსებობს – თითქმის 1,700 წლით მეტი და დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის შემდეგაც კიდევ დიდხანს იარსებებს“, – წერს სტატიაში ავტორი.

ამასთან, გამოცემა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდსაც იხსენებს და მას ავტორიტარულ რეჟიმად მოიხსენიებს.

„მას შემდეგ, რაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, წლების განმავლობაში ევროკავშირთან შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (ამჟამად ციხეშია სახელმწიფო ფინანსების მითვისების ბრალდებით) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინა მთავრობა, მართალია, რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებს ატარებდა (კოლოსალური დასავლური ფინანსური დახმარების წყალობით), მაგრამ სულ უფრო სასტიკი და ავტორიტარული გახდა, რის გამოც მას უფლებადამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ამაზე იშვიათად საუბრობენ, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა მალე თავად დაინახეს, რამდენად უგუნური და საშიში ფიგურა იყო სააკაშვილი, რომლის ქმედებებმაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი გამოიწვია, სადაც საქართველომ კატასტროფული მარცხი იწვნია“, – ვკითხულობთ Responsible Statecraft-ის სტატიაში.

გარდა ამისა, Responsible Statecraft-თან ინტერვიუში მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ქართულ პოლიტიკურ ველზე საღი აზრის დაბრუნება და ქართული პოლიტიკის რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგება“.

„მისნაირი პიროვნებების რიცხვი საქართველოს ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია. ის ჩვენი ერის სამაგალითო პიროვნებაა. ბატონ ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არასდროს წარმოუდგენიათ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთელი რიგი ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები გაატარა.

„როგორც პრეზიდენტი ყაველაშვილი დაბეჯითებით უსვამს ხაზს, რეფორმების შედეგად საქართველო საგრძნობლად უსწრებდა მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების გზაზე“, – ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არასდროს წარმოუდგენიათ.

„ბატონ ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არასდროს წარმოუდგენიათ. თუმცა, უდავოა ის ფაქტი, რომ ბატონი ივანიშვილის უზარმაზარი სიმდიდრე, პოლიტიკური გავლენები, ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო საქმიანობა და პირადი პრესტიჟი იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ 2012-2013 წლებში იყო, იგი კვლავ რჩება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ და დომინანტურ ფიგურად“, – ნათქვამია სტატიაში.

ამავდროულად, Responsible Statecraft-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ „ივანიშვილის უზარმაზარი ძალაუფლების სინთეზი, რასაც პიროვნული თავშეკავებულობა და მიუწვდომლობა ემატება, რაც ქართული ნორმისგან ძალიან განსხვავებულია, ქართულ პოლიტიკურ წრეებში „ქართული ოცნების“ მიმართ ოპოზიციური განწყობების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი გახდა“.

„საქართველოს შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში ევროკავშირისა და ნატო-ს თავდაპირველი ჩართვა დასავლური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების როლმა გამოიწვია, რომლებიც მხურვალედ უჭერენ მხარს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ ამავდროულად, სულ უფრო მეტად დაუკავშირდნენ ოპოზიციურ ძალებს“, – ნათქვამია Responsible Statecraft-ის სტატიაში.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ: „წარსულში საქართველოს შედარებითმა სიღარიბემ და წინა მთავრობების მიზანმიმართულმა გადაწყვეტილებებმა, რომ სახელმწიფო ფუნქციები მათთვის გადაეცათ, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს უჩვეულოდ დიდი გავლენები მისცა ქართულ საზოგადოებაზე და საქართველოში განათლებული კლასის მთავარი დამსაქმებელი გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ მათი ხელშეკრულებები ევროკავშირსა და USAID-თან, როგორც წესი, მათ პოლიტიკურად ნეიტრალურ როლს ითვალისწინებს, მთავრობას ჰქონდა გარკვეული საფუძველი, ჩაეთვალა, რომ მიუღებელი იყო ევროკავშირის მხრიდან იმ ჯგუფების დაფინანსების გაგრძელება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უკვე ღიად მთავრობის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ სუბიექტებად იქცნენ. თუმცა, მთავრობის ნაბიჯებმა, რომლებიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების რეგულირებას ისახავდა მიზნად, საქართველოში პროტესტის ქარიშხალი გამოიწვია. ეს პროტესტი ადგილობრივი არასამთავრობოების დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში მყოფ მხარდამჭერებზეც გავრცელდა. მათ მიერ ეს პროცესი არასამთავრობოების ჩახშობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეირაცხა“.

Advertisement