responsible statecraft - პრეზიდენტი ყაველაშვილის წერილი ტრამპისადმი ვაშინგტონს სტრატეგიული კავშირის აღდგენისკენ მოუწოდებს, მასში უგულებელყოფილი მეგობრის ტონი იგრძნობა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის წერილი ტრამპისადმი ვაშინგტონს სტრატეგიული კავშირის აღდგენისკენ მოუწოდებს, მასში უგულებელყოფილი მეგობრის ტონი იგრძნობა, როდესაც აშშ-ის მხრიდან ყურადღების ნაკლებობას უსვამს ხაზს, – ამის შესახებ გამოცემა Responsible Statecraft-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
„ბაიდენის ადმინისტრაციისა და ლიბერალური ისტებლიშმენტის მიერ „პრორუსულ“ ძალად შერაცხილი და იზოლაციაში მოქცეული მმართველი პარტია ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მხარეების არჩევა სავალდებულო არ არის. ეკონომიკური მიზეზების, მაგრამ აგრეთვე თვითგადარჩენის მოტივის გამო, საქართველოს არ სურს, რომ მსხვილ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში იძულებული გახდეს რომელიმე მხარეზე არჩევანი გააკეთოს. შესაძლოა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ღია წერილი დონალდ ტრამპისადმი სწორედ მზარდი ჩინური გავლენის დაბალანსების მცდელობა იყოს“, – ნათქვამია Responsible Statecraft-ის სტატიაში.
სტატიის ავტორი იან პრაუდი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს ეხმაურება, რომლითაც ის აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართავს.
„პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის წერილი ტრამპისადმი ვაშინგტონს სტრატეგიული კავშირის აღდგენისკენ მოუწოდებს. მასში უგულებელყოფილი მეგობრის ტონი იგრძნობა, როდესაც აშშ-ის მხრიდან ყურადღების ნაკლებობას უსვამს ხაზს: „ქართველი ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით“. წერილში აგრეთვე წუხილია გამოთქმული იმის გამოც, რომ ტრამპმა პრეზიდენტ პუტინთანაც კი აღადგინა ურთიერთობები. როგორც ჩანს, გზავნილი ნაწილობრივ ქართველი ხალხისთვისაა განკუთვნილი, რადგან ის ქართულ ენაზე, პრეზიდენტ ყაველაშვილის სოციალური ქსელის მეშვეობით გამოქვეყნდა. თუმცა, თუ პრეზიდენტი ტრამპი მართლაც მოწყვლადია პირფერობის მიმართ, მაშინ წერილის გაწონასწორებულმა ტონმა შესაძლოა, სულაც არ შეუწყოს ხელი ამ ამაყი სამხრეთ კავკასიელი ერის ურთიერთობების განახლებას ამერიკასთან“, – წერს სტატიის ავტორი.
ამასთან, Responsible Statecraft-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაუქმება 2024 წლის ოქტომბრის დაძაბული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა.
„[საქართველოს პრეზიდენტის] წერილის კონტექსტი ბაიდენის ადმინისტრაციის 2024 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც 2009 წელს გაფორმებული აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაუქმდა. ბაიდენის მიერ ქარტიის გაუქმება 2024 წლის ოქტომბრის დაძაბული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა, რასაც თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არასდროს ყოფილა წარმოდგენილი.
„იმის დამაჯერებელი მტკიცებულება არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი, რომ არჩევნები გაყალბდა. ნაცვლად ამისა, არჩევნებში გაიმარჯვა იმ ერთადერთმა პარტიამ საქართველოში, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ყველგან აქვს წვდომა და დიდი ფინანსური რესურსები გააჩნია წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. თუმცა, ამან ხელი არ შეუშალა ზოგიერთ ამერიკელ პოლიტიკოსს, კვლავაც მოეთხოვა სანქციების დაწესება მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ – წინააღმდეგ და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოწოდებით ზეწოლა განეხორციელებინათ“, – აღნიშნავს ავტორი.
სტატიაში ასევე ყურადღებაა გამახვილებული საქართველოსთვის სანქციების დაწესების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რასაც ავტორი გაუგებარს უწოდებს.
„აქამდე გაუგებარი რჩება, რას ემსახურება საქართველოსთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჩინეთთან უფრო მეტად დაახლოებისკენ უბიძგებს. საქართველო პატარა სახელმწიფოა ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობით, ეკონომიკა კი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით (PPP) 142 მილიარდ დოლარს შეადგენს. აშშ-ის ვაჭრობა საქართველოსთან მოკრძალებულია – 2024 წელს 2.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მეტწილად ამერიკელი ექსპორტიორების სასარგებლოდ იხრება. თუმცა, აშშ-ის ვაჭრობა მეზობელ ქვეყნებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, ამაზე დაბალ ნიშნულზეა“, – ვკითხულობთ Responsible Statecraft-ის სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო თანმიმდევრულად იქცეოდა და თავს იკავებდა ევროპის მაგალითს მიჰყოლოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.
„ეს არაა გამოწვეული რუსეთისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, არამედ – პრაგმატიზმით. საქართველო მუდმივად იმაღლებდა ხმას ომის წინააღმდეგ, ხოლო გასულ კვირას, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, კვლავ დაადასტურა უკრაინისადმი სოლიდარობა“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი იან პრაუდი წერს, რომ ბოლოდროინდელი ქმედებების გამო, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაძაბული რჩება და სხვადასხვა ჯგუფის მიერ საქართველოს მთავრობისთვის პრორუსულის წოდებას ინტელექტუალურ ზარმაცობას უწოდებს.
„საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კვლავ მნიშვნელოვნად დაძაბული რჩება მოსკოვის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო, რომელიც მიმართულია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, კავშირების გაღრმავებისაკენ. ამგვარად, ინტელექტუალური ზარმაცობაა საქართველოს მთავრობას პრორუსული უწოდო მხოლოდ იმიტომ, რომ მას სურს, თავიდან აირიდოს რუსეთთან კიდევ ერთ დამანგრეველ ომში ჩათრევა, რაც, სულ მცირე, საქართველოს უკრაინის მსგავსად ეკონომიკურად ჩამოშლილ სახელმწიფოდ აქცევს. თბილისში ჩემს კონტაქტებთან საუბრისას აშკარად ვიგრძენი ადგილობრივი პოლიტიკოსების სენსიტიურობა კრემლის მომხრის იარლიყის მიკერების მიმართ. ვიგრძენი მათი სურვილი, რომ არ თქვან რამე ისეთი, რაც მათზე ამგვარ შთაბეჭდილებას შემიქმნიდა“, – წერს სტატიის ავტორი.
Responsible Statecraft-ის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს.
„ცხადზე ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რაც ჩინეთთან კავშირების გაღრმავებასაც მოიცავს. საქართველო ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე 2023 წელს შეთანხმდა, რის ფარგლებშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მხარი დაუჭირა „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, რაც კოდური ტერმინია და ტაივანის ჩინეთთან გაერთიანებას მოიაზრებს. მხარეებმა თანხმობას მიაღწიეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და უვიზო რეჟიმის დაწესებაზე“, – ნათქვამია სტატიაში.
ავტორი სტატიაში „შუა დერეფნის“ განვითარების თაობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჩინეთი ზრდის ინვესტიციებს საქართველოში, რაც უფრო ფართო გეგმის, „შუა დერეფნის“ განვითარების ნაწილია, რათა რუსეთისა და სუეცის არხის გვერდის ავლით ევროპასთან ვაჭრობა გამარტივდეს. ივნისში, თბილისში გამართულ კონფერენციაზე ერთადერთი უცხოელი დიპლომატი, რომელიც სიტყვით გამოვიდა, ჩინეთის ელჩი გახლდათ. ამ ფაქტს უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ვიდრე საქართველოს სავარაუდო კავშირებს რუსეთთან“, – წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო აშკარად მიისწრაფვის, გაკვალოს საკუთარი გზა, რაც მოიცავს პირველ რიგში საკუთარი ეროვნული ინტერესების დაყენებას და შემდეგ იმ საკითხების გადაჭრას, რაც ამჟამინდელ მთავრობას დასავლეთის ქვეყნების მიერ რეჟიმის შეცვლის მცდელობებად მიაჩნია.
სტატიის ავტორი საქართველოს პრეზიდენტის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისამართით გამოქვეყნებულ ღია წერილზე წერს, სადაც მიხეილ ყაველაშვილი „დიფ სთეითის“ აქტიურობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„პრეზიდენტი ყაველაშვილი თავის წერილში ტრამპს არწმუნებს, რომ აშშ-ის „დიფ სთეითი“ კვლავ ისეთივე აქტიურია, როგორც უწინ, მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებისა, შეემცირებინა უცხოური დახმარება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხარდაჭერაზე“, – წერია სტატიაში.
იან პრაუდის სტატიაში ასევე გამახვილებულია ყურადღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით. ავტორი აღნიშნავს, რომ გაწევრიანების გზა კვლავ შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კვლავ გამოხატავს მზადყოფნას მათი პირობების გათვალისწინებით ეს კურსი გააგრძელოს.
„ევროპული ელიტების მხრიდან საქართველო კვლავ გარიყულია, ნაწილობრივ იმ გაუგებარი მიზეზით გაღიზიანებისა და დეკემბრის ჩავარდნილი მცდელობის გამო, როდესაც ისინი შეეცადნენ ყოფილი ფრანგი დიპლომატი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად შეენარჩუნებინათ. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა კვლავ შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კვლავ გამოხატავს მზადყოფნას მათი პირობების გათვალისწინებით ეს კურსი გააგრძელოს“, – აღნიშნულია Responsible Statecraft-ის სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობაში პასიურობა შესაძლებელია, უბრალოდ სხვა საკითხებზე კონცენტრაციით იყოს განპირობებული.
„პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილი ალბათ, ოდნავ მოუქნელი დიპლომატიური მცდელობა იყო, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები უკეთეს სტადიაში გადაეყვანა. პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობაში პასიურობა შესაძლებელია, უბრალოდ სხვა საკითხებზე კონცენტრაციით იყოს განპირობებული. უკრაინამ, ახლო აღმოსავლეთმა და ჩინეთმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკური სივრცის დიდი ნაწილი შთანთქა, ამასთანავე ტრამპმა უკვე შეძლო, ეშუამავლა სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაკვირი არაა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის აღდგენას სამხრეთ კავკასიაში მისი მეზობლების მსგავსი პირობებით ცდილობს.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთგაგების მემორანდუმს (MoU) მოაწერა ხელი, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ჩამოყალიბების მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ითვალისწინებს, ასეთივე ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე არსებობს აშშ-სა და სომხეთს შორის. თუ ამ დოკუმენტებს რამე დანიშნულება აქვთ, ეს სწორედ ისაა, რომ ისინი ინსტიტუციურ ჩარჩოს აყალიბებენ ყოველდღიური ორმხრივი თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ხალხთაშორისი კავშირების სფეროებში. გასაკვირი არაა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის აღდგენას ცდილობს, სამხრეთ კავკასიაში მისი მეზობლების მსგავსი პირობებით“, – წერია Responsible Statecraft-ის სტატიაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




