რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის სამინისტროსთან რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული ექიმების ნაწილი აქციას მართავს. ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ექიმების განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალისთვის მოულოდნელი იყო. მათივე თქმით, საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში, “ყველა იურიდიული ნორმის გვერდის ავლით, ხორციელდება”.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილე მედიცინის მუშაკებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი უნდა შეხვედროდა, თუმცა მედიკოსებმა უარი განაცხადეს და დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.
როგორც ექიმები აცხადებენ, მინისტრთან კომპენსაციაზე საუბარი არ სურთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ ბრძანებას გააუქმებს საავადმყოფოს დანგრევასთან დაკავშირებით.
“ჯანდაცვის სამინისტროსთან ამჟამად სალაპარაკო არაფერია, დიდი ხანია ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დაგვიდეს. ჯანდაცვის მინისტრს ერთადერთ შემთხვევაში შევხვდებით, თუ გააუქმებენ სამთავრობო გადაწყვეტილებას. თუ აზრი შეიცვალეს ვისაუბრებთ“- აცხადებს ერთ-ერთი მედიკოსი.
საქმე ეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრის აშენების საკითხს. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებს და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს, თუმცა მედიკოსებისთვის ეს მიუღებელია.
თაგები:
რესპუბლიკური საავადმყოფო




