Logo

რევაზ აფხაზავა - ასეთი მარტივი არ არის, მიადგე და განათლების სისტემის მსხვრევა დაიწყო, არავინ შეეპუება ამ გადაწყვეტილებას

ინტერვიუ
51
Frontnews image description

უმაღლესი განათლების დაგეგმილი რეფორმა, რომელიც მოიცავს რეგიონალიზაციის გეგმას, საგრანტო სისტემის ცვლილებებს და სასკოლო სწავლების ხანგრძლივობის გადახედვას, საზოგადოებაში მწვავე დისკუსიებს იწვევს.  Front News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა საუბრობს ამ ცვლილებების სავარაუდო არაეფექტურობაზე, გამოწვევებსა და რისკებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, უნივერსიტეტების ავტონომიას, სწავლების ხარისხს და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნება უმაღლესი განათლების რეგიონალიზაციის გეგმა (ქუთაისის, რუსთავისა და რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება) სტუდენტების მიგრაციისა და დედაქალაქში კონცენტრაციის შესამცირებლად? რა კონკრეტული გამოწვევები შეიძლება ახლდეს ამ პროცესს და როგორ შეიძლება მათი მინიმიზაცია?

- ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები სრულიად გაუაზრებელია და რეალურად ვნახეთ, რომ იმ განათლების კომისიაში არცერთი სპეციალისტი რეალურად არ ჰყავდათ. წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ, როგორ არის განათლების სისტემა მოწყობილი. ისე არის მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტების აკადემიური თავისუფლება არ არის გათვალისწინებული. რაც მთავარია, ასევე არ არის სტუდენტების ინტერესები გათვალისწინებული.

ერთის მხრივ, ეს ანგრევს უნივერსიტეტებს, როგორც ერთიანი ინსტიტუციების არსებობას. მეორე მხრივ, გაცილებით უფრო ურთულებს ახალგაზრდებს განათლებაზე ხელმისაწვდომობას. ეს აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება ხელისუფლებამ ასე ხელაღებით მიიღოს ეს გადაწყვეტილება. საბჭოთა კავშირის დროსაც არ აკეთებდნენ ამას, რადგან მაშინაც კი განათლების რეფორმებისა და ცვლილებების დაგეგმვისას განათლების სპეციალისტები წყვეტდნენ და მაშინაც კი ვერ ბედავდნენ, რომ ასე ხელაღებით გადაწყვეტილებები მიეღოთ.

რეგიონალური პრინციპის შემოტანა სრული აბსურდია. ეს წარმოქმნის შემდეგ პრობლემებს: ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო უნივერსიტეტები და სკოლებში არსებული სხვადასხვა მიმართულებების მეცნიერებები გაქრება. არ იქნება აკადემიური კონკურენცია, არ იქნება გეგმური თავისუფლება და სტუდენტებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა უფრო რთული იქნება.

წარმოიდგინეთ, სტუდენტები კონკრეტული ფაკულტეტის გამო იძულებულები იქნებიან, სადღაც სხვა ქალაქში წავიდნენ, სადაც არ არის ინფრასტრუქტურა რეალურად იმისთვის, რომ ბინა იქირაონ და ა.შ. ვიცით, რომ თბილისშიც ამის ძალიან დიდი პრობლემაა. ამხელა ქალაქში ბინის შოვნა ჭირს და წარმოიდგინეთ პერიფერიულ ქალაქებში, სადაც ათჯერ მეტი პრობლემა იქნება, რა რთული გახდება სტუდენტისთვის იქ ცხოვრება, გინდა ტრანსპორტის და გინდა ბინის კუთხით ავიღოთ. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები მინიმუმამდე დაიყვანონ, დატოვონ მხოლოდ ისეთები, რომლებიც მათ დაქვემდებარებაში იქნებიან. ერთადერთი სარგებელი ამას არ მოაქვს – უნივერსიტეტებში ხელისუფლება ძალაუფლების ბოლომდე განმტკიცებას შეძლებს.

- რა რისკებს ხედავთ ამ მიდგომაში კიდევ დამატებით უნივერსიტეტების ავტონომიისა და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით? ხელისუფლება ამბობს, რომ ეს მიდგომა სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს, ხოლო აკადემიური რესურსების გამოყენების ეფექტურობის პრინციპით „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“ სწავლას უფრო ხარისხიანს გახდის.

- ძალიან დიდ აბსურდთან გვაქვს საქმე, რადგან ვინ უნდა გადაწყვიტოს, ჩემს უნივერსიტეტში რომელ ფაკულტეტს განვავითარებ. ეს რა პრინციპია, ვინ და რატომ უნდა ერეოდეს ჩემს უნივერსიტეტში? მაგალითად, საქართველოში რამდენიმე უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მეცნიერებების მიმართულებაა. რა პრინციპით უნდა დაიხუროს ერთგან და მეორეგან გაიხსნას?

ხელისუფლება რაღაც ტრადიციებზე საუბრობს. ტრადიციული გამოცდილება შესაძლოა, ცუდიც იყოს და კარგიც. ამაზე არ არის საუბარი. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს კი ბატონო, დიდი ტრადიციები აქვს. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ზოგიერთი მიმართულება მეცნიერებებში სხვა უნივერსიტეტებში უფრო ძლიერი არ იყოს. ეს სიძლიერე და აკადემიური კონკურენცია კიდევ უფრო ავითარებს უნივერსიტეტს და სწავლის ხარისხს. როდესაც ეს არ იქნება ქვეყანაში, ეს მთლიანად ამ აკადემიურ სივრცეს დაანგრევს.

როგორ წარმოგიდგენიათ, ეს პროფესურა უნდა ადგეს და ზუგდიდში გადაიხვეწოს? იმის გამო, რომ თურმე აქ თბილისში რომელიღაც უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ერთი ფაკულტეტი და ლექტორები სხვა ქალაქში ამის გამო უნდა წავიდნენ საცხოვრებლად და სამუშაოდ? სტუდენტები, რომლებიც აქ თბილისში სწავლობენ, ვიცით, ოჯახებს რამხელა ფინანსური ტვირთი აქვთ. უმრავლესობა აქ მუშაობით ირჩენს თავს. რას სთავაზობენ ამ სტუდენტებს იმ პერიფერიულ ქალაქებში, სადაც თავად ადგილობრივები აქეთ გამორბიან საცხოვრებლად?

- სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობას მინდა ასევე შევეხოთ, როგორ აფასებთ 11-წლიან სასკოლო სწავლებაზე შესაძლო დაბრუნებას ბოლონიის პროცესთან და განათლების ევროპულ სისტემასთან თავსებადობის კუთხით? რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს უნივერსიტეტებში 3+1 (ბაკალავრიატი + მაგისტრატურა) სისტემის დანერგვას?

- ეს ვითომ უმაღლესი განათლების კონცეფცია წარმოადგინეს, რაც ასევე აბსურდია, რადგან დღეს საქართველოში 12 წელზეც ვერ ახერხებს განათლების სისტემა იმ მიზნების მიღწევას, რომელიც ზოგად განათლებაშია. 11 წელზე შემჭიდროება პროგრამების გადატვირთვას გამოიწვევს, ეს გამოიწვევს მასწავლებელთა რაოდენობის შემცირებას და ეს გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ ერთიანი ევროპული სივრციდან კიდევ უფრო შორს დავდგებით და დასავლეთში ჩვენს მოსწავლეებს სწავლის გაგრძელების პრობლემები შეექმნებათ.

რაც შეეხება სამწლიან ბაკალავრიატს და 1-წლიან მაგისტრატურას, ასეთი მოდელები კი ბატონო, დასავლეთში არსებობს. თუმცა ესენი არსებობს ისეთ უნივერსიტეტებში, სადაც მოსწავლეები ძალიან მომზადებულები მიდიან სკოლიდან. წარმოიდგინეთ ახლა ჩვენი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში ისე მიდიან, პროცენტები და წილადები არ იციან. ენობრივი უნარები ქართულ მოსახლეობაშიც კი ვერ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და საუნივერსიტეტო განათლებისთვისაც კი არ არის საკმარისი. წარმოიდგინეთ ქართული ენის ჩაბარება ყველგან სავალდებულო დააწესეს. ახლა კიდევ შეამცირონ ეფექტიანად, იმ საგნებისთვის, რომლებიც პროფესიული უნარების განვითარებისთვის დასჭირდებათ, საერთოდ დროც აღარ დარჩებათ.

- როგორ იმოქმედებს საგრანტო სისტემის გადახედვა და მისი "სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული" მოდელით ჩანაცვლება უნივერსიტეტების ავტონომიაზე და სწავლების მრავალფეროვნებაზე? რამდენად უზრუნველყოფს ეს მოდელი ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული სპეციალისტების მომზადებას?

- ძალიან დიდი ხანია, საგრანტო პოლიტიკა გადასახედია, რადგან ძალიან არაადეკვატურია არსებული გამოწვევების მიმართ. 2250 ლარით რა ვიცი, 15 წლის წინ კიდევ თუ შეიძლებოდა რაღაც დაფინანსება. თუმცა დღესაც რომ იგივე დაფინანსებაა, ეს ხომ უკვე ლოგიკაში აღარ ჯდება. ეს რა თქმა უნდა, გადასახედი იყო, მაგრამ ამათმა რაც მოიგონეს, ეს მართლა აბსოლუტური სიგიჟეა. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ თუკი რაიმე შემოსავალი ჰქონდა უნივერსიტეტებს, ის შემოსავალიც მოუსპეს. სტუდენტების რაოდენობა დაფინანსების კუთხით შეამცირეს, რადგან ფული არა აქვთ. ამიტომ ცდილობენ ფულის დაზოგვას სტუდენტების და ჩვენი მომავლის ხარჯზე. 

- სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურების 10,000 ლარამდე გაზრდის გეგმა რამდენად მნიშვნელოვანი სტიმული იქნება აკადემიური ხარისხის ასამაღლებლად? რა სხვა მექანიზმები უნდა გატარდეს საკადრო პოლიტიკის გასაუმჯობესებლად?

- აქამდე გაეზარდათ, თუ გაზრდა უნდოდათ, ვინ დაუშალათ? რაც დაგვპირდნენ, იმას არაფერს აკეთებენ, მაგრამ 5 პროფესორს თუ დატოვებენ ჯამში, ალბათ, ხელფასსაც გაუზრდიან. ეს არ არის ცალსახად. ჯერ ერთი, ეს პრემიერ-მინისტრმა არ უნდა გადაწყვიტოს. ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა ხოლმე, საშტატო განაკვეთის დამტკიცება და ა.შ. შეიძლება ზოგიერთ უნივერსიტეტს უღირდეს კიდევაც, რომ პროფესორს 30 ათასიც კი გადაუხადოს. გააჩნია, როგორი სპეციალისტი იქნება, როგორ ააწყობს პროგრამას და როგორ იმუშავებს მის განვითარებაზე. რა პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი ეგაა? ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი საუბარი, რადგან მარტო პროფესორის ხელფასის გაზრდაზე რომ ლაპარაკობენ, ზოგადად დაფინანსების რა მოდელი იქნება და რანაირად, სრული არაკომპეტენტურობაა.

- ექსპერტების ნაწილი საუბრობს დასავლური საგანმანათლებლო სისტემისგან იზოლაციისა და ახალგაზრდებისთვის ახალი ბარიერების შექმნის რისკზე. თქვენი აზრით, რამდენად არის რეფორმა ორიენტირებული ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე და რა შეიძლება იყოს ამ კრიტიკის საფუძველი?

- ეს ბარიერები უკვე გაჩენილია. ჩვენი უნივერსიტეტების ხარისხის შეფასება უკვე სანდო აღარ არის. მაგალითად, ევროპული ხარისხის შეფასებიდან საერთოდ აკრედიტაცია აღარ გვაქვს. არავინ აღარ გვაღიარებს და ახლა ეს ე.წ. განათლების სისტემის ნგრევა თუ განახორციელეს, ცივილიზებულ სამყაროს საერთოდ ჩამოვშორდებით. იზოლირებული, რაღაც საბჭოთა კავშირის მაგვარი გაუგებარი წარმონაქმნი.

- როგორ აფასებთ იმ მოსაზრებას, რომ რეფორმა უნივერსიტეტებში პოლიტიკური კონტროლის დამყარებასა და განსხვავებული აზრის მქონე პროფესურის გამოდევნას ემსახურება? რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური და ინსტიტუციური ავტონომია რეფორმის პირობებში?

- რა თქმა უნდა, ამ რეფორმით ყველა უნივერსიტეტში ტოტალური კონტროლის დამკვიდრებას ცდილობენ. რეალურად მათ აქვთ ძალიან ბევრი ბერკეტი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში როგორ ხსნიან და ნიშნავენ, ვხედავთ. ვითომ არჩევით თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს როგორ შეუძლიათ განცხადება დააწერინონ და მეორე დღესვე გაუშვან. ეს კონტროლი აქვთ, თუმცა კიდევ უფრო მეტი კონტროლი უნდათ დაამყარონ. ისეთი უნივერსიტეტები, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ, მისი სრული განადგურება უნდათ. ვნახეთ, საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ უკვე სარჩელი აღძრეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიერ მოთხოვნილი საჩივრის საფუძველზე. თუმცა ასეთი მარტივი არ არის, ასე ერთი ხელით მიადგე და განათლების სისტემის მსხვრევა დაიწყო. არავინ შეეპუება ამ გადაწყვეტილებას.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement