რიონის ხეობაში ხმაური და დაპირისპირებაა


ავტორი
Front News საქართველო
რიონის ხეობაში ხმაური და დაპირისპირებაა. ნამახვანში კომპანია "ენკას" ახალი დირექტორის ჩასვლის პარალელურად, მძიმე ტექნიკამ სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა, რასაც ხეობის მცველების გაღიზიანება მოჰყვა, თუმცა მშენებლობის ადგილზე ამ დროისთვის, მხოლოდ რამდენიმე ათეული აქციის მონაწილეა, რადგან რიონის ხეობაში, ნამახვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან პოლიციას აქვს გადაკეტილი და ჰესის მოწინააღმდეგეებს ხეობაში არ უშვებენ.
"პოლიციის ძალით უნდათ უკანონობა დააკანონონ, რომელსაც ამდენი ხანია ვაპროტესტებთ. პოლიცია ამბობს დაგვავალეს არ გაგიშვათო, იმიტომ, რომ არ დაიცვათ თქვენი მიწაო. არ აწყობთ ხალხის მასა იქ და ამიტომ გადაკეტეს გზა", – აცხადებს ადგილობრივი.
"ხელისუფლებამ კიდევ ერთი, გამოუწორებელი ნაბიჯი გადადგა და მისი მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელმწიფოს მართავს სრულიად უპასუხისმგებლო ხელისუფლება. ის საკუთარი მოსახლეობის წინაშე ყველა ზომას ხმარობს, გარდა სამართლებრივისა. არ დავიხევთ უკან, იმიტომ რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე. არ დავთმობთ მიწას. რა გულითაც და რა სიმართლითაც დავდექით თავიდან, ზუსტად ისე გავგრძელებთ ახლაც ბრძოლას", – აცხადებენ ხეობის მცველები.
ამ ეტაპზე, იმერეთში პროტესტის ორი ეპიცენტრია: გუმათი, სადაც შეკრებილ ადამიანებს არ აძლევენ უფლებას, ნამახვანში ხეობის მცველებს შეუერთდნენ და ნამახვანი, სადაც მძიმე ტექნიკა, პროტესტის მიუხედავად მუშაობს. არც ერთი მხარე დათმობას არ აპირებს.
"ენკას" ახალმა დირექტორმა კი ტერიტორია უკვე დატოვა.
"რიონის ხეობის მცველები" ჰესის მშენებლობას უკვე 160 დღეა აპროტესტებენ და ღამეს კარვებში ათევენ.
თაგები:
