Logo

რიონის ხეობაში კომპანია “ენკას” ახალი დირექტორი ჩავიდა

Frontnews image description

რიონის ხეობაში კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე ჩავიდა. მან კარვებში მყოფ, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მიმართა და მინისტრების მსგავსად, ყურადღება პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

"უკვე არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ და მზაობას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ გავაფართოვოთ, გავააქტიუროთ ჩვენი სოციალური პაკეტები. მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ამ ხეობის მაცხოვრებელმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს არა მარტო ქვეყანას, არამედ უშუალოდ ამ ხეობასაც", – განაცხადა მერაბ ლომინაძემ. 

ხეობის მცველები კი აცხადებენ, რომ ისინი სოციალურ პაკეტებს არ ითხოვენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, არ აშენდეს გიგანტური ჰესი და არ გადასცეს საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანიას ასობით ჰექტარი მიწა 99 წლით.

მათივე განცხადებით, "ენკას” პროექტის ახალი ხელმძღვანელი მერაბ ლომინაძე, არ არის იმ კითხვების ადრესატი, რომელიც მათ ჰესის პროექტთან დაკავშირებით აქვთ. ამიტომ, ხეობის მცველები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვეედრას ითხოვენ.

"თქვენ არც სამინისტროს წარმომადგენელი ხართ და არც ჩვენი კითხვების ადრესატი. ვისაც უნდა გაეცა ჩვენთვის კომპეტენტური პასუხი, ვინც იყო გადაწყვეტილების მიმღები, ის შეხვედრიდან  გაიპარა", – განუცხადეს ადგილობრივებმა ლომინაძეს.

რიონის ხეობაში სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ პოლიციის თანხლებით მისი მოსვლა უბრალოდ თვალსაჩინოდ დამუქრება იყო.

თაგები:

Advertisement