რიონის ხეობის მცველებმა გუმათის შესასვლელთან, მშენებელი კომპანიის ბაზასთან გადაინაცვლეს

ავტორი
Front News საქართველო
მძიმე და ხმაურიანი ღამის შემდეგ, რიონის ხეობა ისევ პროტესტის ეპიცენტრია. რიონის ხეობის მცველებმა გუმათის შესასვლელთან, მშენებელი კომპანიის ბაზასთან გადაინაცვლეს. როგორც ისინი აცხადებენ, “ენკას” კუთვნილ ტექნიკასა და მანქანებს ტერიტორიაზე არ გაატარებენ.
ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების თქმით, უწყვეტი პროტესტი გრძელდება და დაშლას არ აპირებენ.
“ვაგრძელებთ პროტესტს, ვაგრძელებთ იმ ფორმით, როგორადაც ვთქვით, რომ ჩვენ გადავკეტავთ გზას კომპანიის სპეცტექნიკისთვის და მათი მანქანებისთვის. არ მივცემთ საშუალებას, რომ შევიდნენ ხეობაში და გააგრძელონ უკანონო სამუშაოები და იქაურობის ნგრევა-განადგურება.
რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, ეს იყო პირდაპირ გამოვლინება იმ რეპრესიის, რასაც სახელმწიფო მიმართავს საკუთარი მოქალაქეების მიმართ. გუშინ ჩვენ გვქონდა მცდელობა, გავსულიყავით იქ მშვიდობიანი ფორმებით, პოლიციის მხრიდან მოხდა ჩვენი შეჩერება, დააკავეს რამდენიმე ადამიანი უკანონოდ”-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კახა ასათიანი.
“ცდილობს კომპანია სახელმწიფოს დახმარებით მიაღწიოს შედეგს და ააშენოს ნამოხვანჰესის კასკადი, მაგრამ გაუჭირდებათ. მთელი ამ სპეცდანიშნულების ძალებით რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე? ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს”-აცხადებს ხეობის ერთ-ერთი მცველი.
გუმათის შესასვლელთან, ამ წუთებში, საპატრულო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
გუმათში, გუშინ ღამით, პოლიციასა და “ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირიპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებს ნამოხვანისკენ გადაადგილება სურდათ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 პირი, რომელთაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
თაგები:





