Logo

რიონის ხეობის მცველებს ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირი აქვთ გადაკეტილი

საზოგადოება
1326
Frontnews image description

ამ წუთებში, რიონის ხეობის მცველებს, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირი აქვთ გადაკეტილი. აქტივისტებს მძღოლებიც შეუერთდნენ, ავტომობილები გააჩერეს და ამ გზით მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

რიონის ხეობის მცველებმა და მათმა მხარდამჭერებმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც სამართალდამცველებმა ისინი ნამოხვანის მიმართულებით არ გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დღევანდელ განცხადებაში საუბარი იყო, რომ სამართალდამცველები უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს გადაადგილების უფლებას არ შეუზღუდავდნენ და ბარიერებს მოხსნიდნენ. 

"ეს არის ნათელი ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ ამბობენ ერთს და მოქმედებენ მეორეს. ვნახეთ განცხადება დილით, რომლის მიხედვითაც თითქოს გადადგილების საშუალება ჩვენ იქ გვექნებოდა, ჯებირები იქნებოდა აღებული, მაგრამ თქვენც ნახეთ რა მოხდა. გადავინაცვლეთ ჯებირებთან, მოვითხოვეთ პოლიციელებთან გასაუბრება, რის საფუძველზე შეიძლებოდა არ გავეშვით და პასუხისგასაცემადაც არავინ გამოსულა. საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ მიწაზე გიწესებენ საზღვრებს, შემდეგ ამ საზღვრის გადაკვეთის გამო შეიძლება დაგაპატიმრონ, აბსოლუტურად არაადეკვატურ და აბსურდულ გარემოში გვიწევს აქ ყოფნა და პროტესტის გამოხატვა. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა – ეს იქნება გამაფრთხილებელი პიკეტირება. 

დღეს სხვადასხვა ქალაქში გამოვიდა მოსახლეობა. მადლობა მინდა ვუთხრა მათ ამ სოლიდარობისთვის და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ 23 მაისის აქციამდე, რომელიც გაიმართება დედაქალაქში, იმედი გვაქვს და ასეც იქნება, რომ იქ შეიკრიბება უამრავი ადამიანი"-განაცხადა ხეობის ერთ-ერთმა მცველმა ვარლამ გოლეთიანმა. 

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, ქვეყნის მასშტაბით, 13 აქცია სხვადასხვა ქალაქში ცოტა ხნის წინ დაიწყო. რიონის ხეობის მცველებმა, მთავრობის პასუხის შემდეგ, აქცია 23 მაისს უკვე თბილისში დააანონსეს.

თაგები:

Advertisement