“როგორც ჩანს, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვებს საპატიმროს”

ავტორი
Front News საქართველო
როგორც ჩანს, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვებს საპატიმროს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი სალომე სამადაშვილი წერს.
"ევროკავშირის თანხმობა, დაფაროს გირაო, ყველაზე ნათელი დასტურია, რომ ის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გამოყენებული. ვწუხვარ, რომ აღდგომის დღესასწაულს ვერ გაატარებს საკუთარ ოჯახთან, თუმცა, იმედი მაქვს, მალე მისი საკნის კარიც გაიღება.
სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდება მიშელის დოკუმენტს და პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის 20-21 ივნისის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობაა ამნისტიის კანონის შინაარსის თაობაზე. აღნიშნული კომისია, შესაძლოა, ის გამოსავალი იყოს, რომელიც ჩვენც და საზოგადოებასაც შესაძლებლობას მისცემს საფუძვლიანი მსჯელობა გამართოს კანონის მიღებამდე. ეს გადაწყვეტილება დაასრულებს შიდა ოპოზიციურ განხეთქილებასაც, რომელიც აზიანებს საერთო მიზნებს. მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რომ ამ შეთანხმებით კიდევ ერთი შანსი მისცეს ქვეყანას, პოლიტიკური კრიზისიდან სწორედ იმ გზით გამოვიდეს, რომლითაც უნდა დადიოდეს ევროპული სახელმწიფო. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, იმედის, სიმშვიდის და განახლების მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის", – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:





