“რომ არ არსებობდეს გარანტია “ქართული ოცნებიდან” კომპრომისზე, პრეზიდენტი მიშელი ხელმეორედ, რეპუტაციულად არ გარისკავდა”


ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, რაღაც კომუნიკაცია შედგა ხელისუფლებასთან და გონივრული კომპრომისებისთვის მზად არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პრეზიდენტი მიშელი ისეთი მაღალი რანგის წარმომადგენელია, რომ არ იყოს კონტაქტი ხელისუფლებასთან და არ არსებობდეს გარანტია, რომ რაღაც კომპრომისებს აპირებს „ქართული ოცნება“, ხელმეორედ, რეპუტაციულად ნამდვილად არ გარისკავდა და არ გამოუშვებდა მის პირად წარმომადგენელს. ვფიქრობ, რაღაც კომუნიკაცია შედგა ხელისუფლებასთან და რაღაც გონივრული კომპრომისებისთვის მზად არის. თუ ეს ასე არ იქნება, ნიშნავს, რომ პირდაპირ უარი ვუთხარით ევროპას და ავიღეთ გზა ბელარუსისკენ, რასაც ქართველი ხალხი არ მიიღებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საჭიროა რიგგარეშე არჩევნები.
„რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს არ არის ოპოზიციის ახირება, ეს გვჭირდება, რომ პოლიტიკური კრიზისი განვმუხტოთ. განმუხტვის საშუალება არის რიგგარეშე არჩევნები. ხშირად საუბრობს კობახიძე, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არ არის ეს ევროპული პრაქტიკა. ევროპული პრაქტიკაა, რომ როცა იქნება კრიზისი და ვერ კომპლექტდება არა თუ მთავრობა, პარლამენტში არ არის ასახული ნახევარზე მეტის ნება, ამაზე უკეთესი საფუძველი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის, არ არსებობს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.
თაგები:
