Logo

რომან გოცირიძე - 12 წლის განმავლობაში პენსია რეალურად მხოლოდ 68 ლარით გაიზარდა, ფასები კი იმაზე მეტად მომატებულია, ვიდრე ოფიციალურად ვხედავთ 

ინტერვიუ
133
Frontnews image description

ყოფილი პარლამენტარისა და ეკონომისტის რომან გოცირიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული რეკორდული ინფლაციის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორები ეროვნული ბანკისა და მთავრობის არასწორი მონეტარული და საბიუჯეტო პოლიტიკაა. გოცირიძე პირდაპირ აკავშირებს ფასების ზრდას (განსაკუთრებით სურსათსა და ჯანდაცვაზე) მიმოქცევაში ფულის მასის მკვეთრ ზრდასთან ($M2$ აგრეგატი), რაც, მისი მტკიცებით, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების შესყიდვისა და რეფინანსირების სესხების გაცემის შედეგია. ეკონომისტი ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალური სტატისტიკის (საქსტატის) სანდოობას და აცხადებს, რომ მაღალი მშპ-ის ზრდის მიღმა სტრუქტურული პრობლემები იმალება, რაც მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობაზე (მაგ. პენსიის რეალური ღირებულება) უარყოფითად აისახება. ის ასევე ხაზს უსვამს არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებულ რისკებს, განსაკუთრებით გონიოსა და თბილისის პროექტების გასაიდუმლოებული პირობებისა და მასშტაბის გამო.

- ბატონო რომან, ეკონომისტები დიდ აქცენტს აკეთებენ ეროვნული ბანკის მიერ ფულის მასის ზრდაზე ($M2$ აგრეგატი), როგორც ინფლაციის მამოძრავებელ ფაქტორზე. თქვენი შეფასებით, რა კონკრეტული, დაუყოვნებელი მონეტარული ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს ეროვნულმა ბანკმა ამ რეკორდულ ინფლაციასთან ეფექტური ბრძოლისათვის, თუკი მიგაჩნიათ, რომ ამჟამინდელი პოლიტიკა არაეფექტურია?

- საქართველოს სტატისტიკის სამსახური იტყუება და ის ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებს. ხელისუფლება პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებს და ყველა მაჩვენებელს აყალბებს: მშპ-ის მაჩვენებელს ზრდის, ხოლო ფასების მაჩვენებელს აკლებს. ის ემსახურება ხელისუფლებას პოლიტიკურად და ფასები ქვეყანაში იმაზე მეტად არის გაზრდილი, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით ვხედავთ. თითოეული ადამიანი ფასების მატებას საკუთარ თავზე გრძნობს. ამ თვეში ფასები იმაზე მეტად გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის მიერ იყო დაგეგმილი და მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა. ფასები განსაკუთრებით იმ სფეროში იზრდება, სადაც ჩვენი მოსახლეობა შემოსავლის უდიდეს ნაწილს ხარჯავს. დაახლოებით 70-დან 80%-მდე ისეთ მიმართულებაზე იხარჯება, როგორიცაა სურსათი, ჯანდაცვის სფერო, კომუნალური მომსახურება, საწვავი და ა.შ.

- სურსათზე ინფლაცია (თითქმის 12%) უკვე სერიოზულ სოციალურ პრობლემად იქცა. თქვენი აზრით, რა მაკროეკონომიკური თუ სტრუქტურული ცვლილებებია საჭირო, რომ ეს სეგმენტი (სურსათი) უფრო სწრაფად დასტაბილურდეს და მოქალაქეთა შემოსავლებსა და ფასებს შორის არსებული უფსკრული შემცირდეს?

- დიახ, სურსათზე ფასები მხოლოდ წელს 12%-მდე გაიზარდა. ისევე, როგორც სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდამ ორნიშნა რიცხვს გადააჭარბა. აბა, გავიხსენოთ, ექიმთან ვიზიტი რა ღირდა: 40-დან 50 ლარამდე. ახლა ვნახოთ, რა ღირს - 100-დან 150 ლარამდეა გაზრდილი. რეალურად რა ღირს ჩვენთან საქონელი, იქნება ეს ხორცი, ხილი თუ სხვა პროდუქტები. ყოველთვის, როცა ხელისუფლება თავს იმართლებს, საგარეო ფაქტორს იხმობს. ამბობენ ხოლმე, რომ აი, ხორბალზე და ნავთობზე ფასი გაიზარდაო. არავითარი საგარეო ფაქტორი დღეს არ არის. პირიქით, ნავთობზე ფასი შემცირდა და რუსეთიდან შემოტანილი ყველაზე იაფი ღირს. არ არსებობს ისეთი ფაქტორი, რომლითაც ხელისუფლებამ თავი იმართლოს.

- მაშ, რა არის ფასების ზრდის მთავარი მიზეზი? რა განაპირობებს ასეთ დიდ ინფლაციას ქვეყანაში?

- ეს არის არასწორი ფულადი საკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი აწარმოებს, ასევე საბიუჯეტო პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა აწარმოებს. საქართველოს ეროვნული ბანკი, თავისი უგუნურების გამო, როცა წინასაარჩევნოდ 800 მილიონი რეზერვები დახარჯა გასული წლის ოქტომბერში, იძულებული გახდა, რეზერვები შეევსო. თავქუდმოგლეჯილი დაიწყო მისი შესყიდვა. თითქმის მილიარდ-ნახევარი დოლარი შეისყიდა წლის დასაწყისიდან. ამით ამაყობენ და პრემიერმა კობახიძემაც თქვა, რომ რეზერვები გაიზარდაო. სინამდვილეში მილიარდ-ნახევარი რეზერვის შესყიდვა ნიშნავს მიმოქცევაში 4 მილიარდი ლარის გაშვებას. ფულის მასა გაიზარდა და ინფლაციაც ზუსტად ფულის მასის ზრდასთან არის დაკავშირებული. ისევე, როგორც უზარმაზარი ფული უცხოეთიდან გადმოირიცხა. ემიგრანტებიდან სამ მილიარდამდე უზარმაზარი ფული შემოვა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე კორონას პერიოდამდე იყო. სამწუხაროდ, ეს იმის მაჩვენებელიც არის, რომ ამდენი ადამიანი ქვეყნიდან გავიდა. ლარის კურსი დღეს შესაძლოა, იმაზე მყარი ყოფილიყო, ეს 4 მილიარდი ლარი ხელისუფლებამ დოლარის შესასყიდად მიმოქცევაში რომ არ გაეშვა. კიდევ უფრო მყარი ლარი კი იმპორტის გაიაფებას შეუწყობდა ხელს. ახლა სუპერმარკეტში რაც არის, იმის 90% შემოტანილია.

- მმართველი პარტია ამაყობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდით (მაგ., მაისში 7.5%), მაგრამ ბიზნესი (საცალო ვაჭრობაში 20%-იანი კლება) და ეკონომისტები სხვა სურათს ხედავენ. თქვენი დაკვირვებით, რა სისტემური პრობლემებია დამალული ამ მაღალი მშპ-ის ზრდის უკან, რომელიც არ აისახება მოქალაქეებისა და ბიზნესის მდგომარეობაზე?

- ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებს ე.წ. იაფი ფულის პოლიტიკას და დიდძალ სესხებს აძლევს კომერციულ ბანკებს ყოველკვირეულად, ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით. მისი მოცულობაც დაახლოებით 4 მილიარდი ლარია. ბიუჯეტის ფლანგვა და ტოტალური კორუფცია, რასაც უკვე „ქართული ოცნებაც“ აღიარებს და მხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლში აღმოჩენილი ორი ათეული მილიონის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა ინფლაციის დამატებითი ფაქტორია. თავად აღიარებენ, რომ ყოველწლიურად ასეულ მილიონობით ლარის მითვისება ხდება ბიუჯეტიდან ტენდერებიდან მოპარული ფულის სახით. დაუმთავრებელ თუ საერთოდ არდაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ყოველდღე გვესმის ტელეეკრანებიდან. ეს ინფლაციას უწყობს ხელს. თუ რა სასაცილო ოდენობით იზრდება სინამდვილეში პენსია: 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საბაზო პენსია (რომელსაც 70 წლამდე პენსიონერები იღებენ) მომავალ წელს მხოლოდ 20 ლარით იზრდება და 370 ლარი გახდება. ეს მატება იმაზე დაბალია, ვიდრე ფასების ზრდა საქონლის იმ სეგმენტში, რომლის შესაძენადაც პენსიონერები ხარჯავენ თავიანთი შემოსავლების 80 პროცენტზე მეტს. პენსიის რეალური ღირებულება დღეს არის 193 ლარი 2012 წლის ფასებით. საბაზო პენსია 2012 წელს იყო 125 ლარი, 2025 წელს კი 350 ლარია. თორმეტი წლის განმავლობაში პენსია რეალურად (ინფლაციის გათვალისწინებით) გაიზარდა მხოლოდ 68 ლარით. ეს წარმოუდგენელი ამბავია. კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორია ქვეყანაში შემოსავლების რეალური მსყიდველობითუნარიანობა პენსიის სიდიდიდან გამომდინარე: „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბაზო პენსია საშუალოდ წლიურად იზრდებოდა მხოლოდ 5.7 ლარით (ინფლაციის გათვალისწინებით). ამავე პერიოდში პენსია იზრდებოდა მხოლოდ 5.3 დოლარის ოდენობით საშუალოდ წელიწადში. ამ ერთი მაგალითითაც ნათლად ჩანს, თუ როგორ უსამართლოდ ხდება შემოსავლების გადანაწილება ქვეყნის ბიუჯეტიდან. ასეულ მილიონობით ლარი ყოველწლიურად „ოცნების“ კლანის ჯიბეებში მიედინება.

- არსებობს კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძის მიერ არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების პირობები გასაიდუმლოებულია და მიწების გადაცემა (რომელთა ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება) წილის მხოლოდ მესამედის სანაცვლოდ ხდება. თუკი ეს პროექტი $6 მილიარდ დოლარს შემოიტანს (როგორც „ოცნება“ აცხადებს), რა კონკრეტული ფინანსური რისკები ან სარგებელი შეიძლება დაიმალოს ამ გასაიდუმლოებულ პირობებში ქართული სახელმწიფოსთვის?

- არც არაბულ და არც სხვა ქვეყნის ინვესტიციებს არავინ ებრძვის. სხვა საკითხია რუსეთის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის ინვესტიციები, ისიც სტრატეგიულ სფეროში, მაგალითად, ენერგეტიკაში, კავშირგაბმულობაში ან მედიაში. ვინმე ღვინის ქარხანას თუ გახსნის, დიდ პრობლემას არც ამაში ვხედავ. რაც შეეხება არაბულ კაპიტალდაბანდებას საქართველოში: 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იქნა განხორციელებული არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 2024 წლამდე. სხვა არაბული ქვეყნების ინვესტიციები ჯერჯერობით ძალიან მცირეა. ემირატების შემოსვლას პირადად მიხეილ სააკაშვილმა შეუწყო ხელი. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე სახის კრიტიკა ყოფილიყო ჩვენს საზოგადოებაში ინვესტიციების არაბული წარმომავლობის გამო. ეს ჩვენი საზოგადოების შეგნებულობის და თავად ინვესტიციების სწორი დანიშნულების მაჩვენებელია. არაბული ინვესტიციებით აშენდა რეგიონში ყველაზე ფეშენებელური, შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო „ბილტმორი“. იგი 140 მილიონი დოლარი დაჯდა. გსმენიათ ვინმესგან, პოლიტიკოსებისგან თუ საზოგადოების მხრიდან, ოპოზიცია იქნებოდა ეს თუ ხელისუფლების მხარდამჭერები, რაიმე სახის პრეტენზია ინვესტიციის წარმომავლობაზე? არა! უკმაყოფილება რუსთაველის გამზირისთვის შეუფერებლად მაღალ ნაგებობასთან დაკავშირებით თუ გამოითქმებოდა. არაბულმა კომპანიამ 67 მილიონ დოლარად შეისყიდა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“ და მის რემონტში დახარჯა დაახლოებით 45 მილიონი დოლარი. მადლობის მეტი ვინმესგან გვსმენია?არაბული ინვესტიციით აშენდა „თბილისი მოლი“, ქალაქის გასასვლელში, მცხეთის მიმართულებით, რომლის აქტივებმა დღეისათვის 70 მილიონ დოლარს მიაღწია. არაბული ინვესტიციაა სავაჭრო ქსელი „კარფური“, რომელიც საქართველოში ფლობს 5 ჰიპერმარკეტს და სამოცამდე სუპერმარკეტს. ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა თავიდან არაბული ინვესტიციებით შეიქმნა. თბილისის ე.წ. მშრალი პორტის მთავარი ინვესტორი არაბული კომპანიაა. პირველი ფაზის მშენებლობაში 21 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. მისი საბოლოო ღირებულება 100 მილიონ დოლარს მიაღწევს. არაბული ინვესტიციებია „ტერაბანკში“. მისი კაპიტალის მოცულობა არის 120 მილიონი დოლარი. არაბული ინვესტიციებით აჭარაში მიმდინარეობს რამდენიმე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა. არაბული ინვესტიციებია ჩადებული ან იგეგმება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, ფინანსები და ა.შ.

- მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ იწვევს შეშფოთებას გონიოსა და თბილისში დაგეგმილი დასახლებული პუნქტების (ფაქტობრივად, მცირე ზომის ქალაქების) მშენებლობა?

- დიახ, ეს კითხვა ჩნდება და პასუხი ასეთია, იმიტომ, რომ ეს განსხვავებული ხასიათის ინვესტიციებია: ა) ესენი კოტეჯური ტიპის ელიტური დასახლებული პუნქტებია, გათვალისწინებული ძირითადად უცხოელებისათვის და უპირატესად მუდმივ საცხოვრებლად. ბ) ქართული მხარის მონაწილეობის მასშტაბი (8.5 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია) და ღირებულება თანაზომადი არ არის პროექტში უცხოელი ინვესტორის კონტრიბუციასთან შედარებით. იგი ბევრად მეტი ღირს. გ) დიდია ეკოლოგიური და სხვა სახის პრობლემები (განსაკუთრებით თბილისში). დ) პროექტი შეიცავს სხვა სახის რისკებსაც. ინვესტიციებს არავინ ებრძვის. შიშებს პროექტის ოფიციალურად გასაიდუმლოებაც აძლიერებს. თბილისში აშენდება მცხეთის სიდიდის ქალაქი (6 კვ. კილომეტრი) 10 ათასამდე მოსახლეობით (ძირითადად, კოტეჯური ტიპის სახლები), რომელიც გააუარესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას, გაანადგურებს მტკვრის ჭალებს და ტყე-პარკს, წარმოქმნის სატრანსპორტო კოლაფსს ამ მიმართულებით და განტვირთვის ნაცვლად, კიდევ უფრო დაამძიმებს თბილისს.

გონიოში აშენდება დაახლოებით სიღნაღის სიდიდის ქალაქი (2.5 კვადრატული კილომეტრი). განაშენიანების დიდი ნაწილი ითვალისწინებს საცხოვრებელი ტიპის სახლების მშენებლობას, რაც წარმოქმნის დემოგრაფიულ პრობლემებს. სახლების და ბინების 60 პროცენტი გაიყიდება უცხოელებზე, მათ შორის მუდმივად ცხოვრების მიზნით. პროექტი არის გაუმჭვირვალე. ხელშეკრულება წინასწარ არ იქნა გასაჯაროებული და შესწავლილი, რათა არ განმეორებულიყო ის დანაშაული, რაც მთავრობამ ნამახვანის პროექტთან დაკავშირებით ჩაიდინა, რის გამოც ქვეყანამ დაახლოებით 400 მილიონი დოლარი დაკარგა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით. "ინტერრაოსთან“ 94 მილიონი დოლარის ოდენობის დავის წაგებაც ამ კატეგორიის საქმეებს განეკუთვნება.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement