Logo

რომან გოცირიძე - არაბული პროექტი არის ფანტაზიებისა და სარისკო რეალობის ნაჯვარი

პოლიტიკა
200
Frontnews image description

არაბული პროექტი არის ფანტაზიებისა და სარისკო რეალობის ნაჯვარი. ეს არ არის ინვესტიციები ტექნოლოგიებში, წარმოებაში ან თუნდაც ტურიზმში, - ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს მშენებლობები უცხოელთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.

“რა გავიგეთ არაბული პროექტის შესახებ კობახიძის განცხადებებიდან, რომელიც საიდუმლოა და არც აპირებენ გასაჯაროებას? მდგომარეობა იმაზე უარესი ყოფილა, ვიდრე თავიდან გვეგონა.

ნამახვანის და “ინტერრაოს” საიდუმლო ხელშეკრულებებმა 500 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობით  აზარალა ქვეყანა და სულ მალე მოგვიწევს მისი გადახდა ბიუჯეტიდან. ეს თანხა ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის ტოლფასია.

რატომ არ დაიქირავა მთავრობამ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ამ ხელშეკრულების მომზადების დროს? სად არის როტშილდების კომპანია, რომელიც ამ მიზნით იყო დაქირავებული? წაიღო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი და გაქრა ისე, რომ აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია, ერთი ფურცელიც კი არ იძებნება, მათ მიერ გაწეულ სამუშაოს შესახებ. როგორც ჩანს, როტშილდებიც კორუფციული სქემებში ჰყავდათ ჩართული. ფული უშუალოდ პრემიერ-მინისტრის (ღარიბაშვილის) სარეზერვო ფონდიდან იქნა გადახდილი. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა პარლამენტიდან, ინფორმაცია არასდროს მოუწოდებიათ ამ ათი მილიონი ლარის ხარჯვის შესახებ.

არაბული პროექტი არის ფანტაზიებისა და სარისკო რეალობის ნაჯვარი. ეს არ არის ინვესტიციები ტექნოლოგიებში, წარმოებაში ან თუნდაც ტურიზმში. ეს არის ბინათმშენებლობა, რომელიც არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხოელთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება “სოლნეჩნაია გრუზიაში”.

არაბული სახელმწიფო ფონდი რომ არ შემოდის არც პირდაპირ და არც შვილობილი კომპანიის სახით და რომ ეს თავიდანვე ბლეფი იყო, ამას უკვე ყველა მიხვდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

Advertisement