Logo

რომან გოცირიძე – აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული

პოლიტიკა
22.01.2024 / 16:10
Frontnews image description

ეს არის წინასაარჩევნოდ, “ქართული ოცნების” ლიდერების განბანვა, ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 

 

“ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება როგორც ცნობილია, ხდება შემთხვევითობის პრინციპით. ასე იყო წესი, თუ ახლა არ შეცვალეს რამე. არავინ იცის თუ ვისი დეკლარაცია უნდა შემოწმდეს. აქ პირდაპირ დალაგდა “ქართული ოცნების” მთელი უფროსობა, პრემიერ-მინისტრით დაწყებული, დამთავრებული მურუსიძით. ანუ, ყველა იმ ადამიანის “შემოწმება” იწყება, რომელთა მიმართაც არის სერიოზული ეჭვები. თუ წინასწარ გააფრთხილე, დეკლარაციას ლამაზად დაუწერ და შემდეგ წინასაარჩევნოდ გამოაცხადებ, რომ “აი, ხომ ხედავთ, მთელი “ქართული ოცნება” შევამოწმეთ და ვერანაირი ხარვეზი ვიპოვეთ, ან ტექნიკური ხარვეზები გამოვავლინეთ, რომელიც არსებითად არაფერს ცვლის”, ეს პირიქით, გამოდის წინასაარჩევნოდ, განბანვა “ქართული ოცნების” ლიდერების. ამიტომ ეჭვს იწვევს. როგორი კომისიაც არ უნდა შექმნა, თავად ის გვარები და სახელები, რომელიც ამ ფორმით შეირჩა, მათი შემოწმება ეჭვებს ბადებს. აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა სია, თუ რომელი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს განახორციელებს მიმდინარე წელს.

 

სიაში 150 თანამდებობის პირია, მათ შორის, პრემიერი, მინისტრები, დეპუტატები, სხვადასხვა საჯარო უწყებების თანამშრომლები, მინისტრების მოადგილეები, მოსამართლეები.

 

მთავრობის წევრებს შორის ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრები – თეა წულუკიანი, ილია დარჩიაშვილი, ლევან დავითაშვილი, ირაკლი ქარსელაძე, რატი ბრეგაძე, ვახტანგ გომელაური, ლაშა ხუციშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ოთარ შამუგია, გიორგი ამილახვარი, ზურაბ აზარაშვილი, თეა ახვლედიანი.

 

ასევე აჭარისა და აფხაზეთის მთავრობის წევრების დეკლარაციებს.

 

საკანონმდებლო ორგანოდან ჩამონათვალში მოხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და სხვა დეპუტატები, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან.

 

სიაში მოხვდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის – ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, შალვა თადუმაძე და სხვები. ასევე 150 თანამდებობის პირი.

 

ჯამში, ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის.

Advertisement