Logo

რომან გოცირიძე – დეოლიგარქიზაციის კანონი აუცილებლად მისაღებია, თუმცა მნიშვნელოვანია, ვინ დაადგენს პირის ოლიგარქობის სტატუსს

პოლიტიკა
1005
Frontnews image description

დეოლიგარქიზაციის კანონი აუცილებლად მისაღებია, თუმცა მნიშვნელოვანია, ვინ დაადგენს პირის ოლიგარქობის სტატუსს, –  ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელის პირის ოლიგარქობის სტატუსს განსაზღვრავს.

 

“დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არის აუცილებლად მისაღები. უკრაინული კანონი არის კარგი და კრიტერიუმებიც სწორადაა შერჩეული, თუმცა მეოთხე კრიტერიუმი – ეკონომიკის რომელიმე დარგში მონოპოლიური მდგომარეობის ფლობის,  საქართველოს პირობებში არ არის რელევანტური.

 

მიუხედავად ამისა, ეს არ შეიძლება იყოს ამ კანონზე უარის თქმის საფუძველი. პრობლემა სხვა რამეშია, ქართულ კანონს, თითქმის უკრაინულის  ასლს და ასევე უკრაინულს, აქვს ერთი  ნაკლი: ვინ განსაზღვრავს პირის ოლიგარქის სტატუსს. უკრაინულ კანონში ამას განსაზღვრავს  უშიშროების საბჭო, ანუ ფაქტობრივად ძალოვნები, რაც ცუდია.  ქართულ ვერსიაში ამას ადგენს პარლამენტი, რაც უკრაინულზე უკეთესია, მაგრამ მაინც ცუდია. ოლიგარქის რეესტრში ბიძინა ივანიშვილს ეს პარლამენტი რომ არასდროს შეიყვანს ამ წესით, ესეც ფაქტია.

 

ეს სტატუსი უნდა დაადგინოს სპეციალურმა დამოუკიდებელმა კომისიამ. ეს ერთი ჩანაწერი “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონში წყვეტს ყველა პრობლემას. “ქართულ ოცნებაში“ უკვე კანონის მიღებამდე დაადგინეს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი არ ერევა ხელისუფლების საქმიანობაში. ამას ევროკავშირი კი არა,  საბავშვო ბაღის მოსწავლეთა კავშირიც არ დაიჯერებს. 

 

ოლიგარქის სტატუსის დამდგენი დამოუკიდებელი კომისიის შექმნა არის ის ტესტი, სურთ თუ არა რეალურად  ქმედითი კანონის მიღება თუ პირიქით, ამ კანონს ხელისუფლება გამოიყენებს ოპოზიციის შესავიწროებლად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები