რომან გოცირიძე - გამოდის, რომ უცხოელი ინვესტორისთვის ამ პროექტის ხიბლი ჩვენი მიწების ჩალის ფასად მიღება ყოფილა

ავტორი
Front News საქართველო
თუ რეალისტურად შევაფასებთ მოგებიდან მისაღები დივიდენდების ოდენობას და თუ ათასპროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელიწადში არავითარი 200 მილიონი ლარი არ იქნება შემოსავლები ბიუჯეტში მოგებიდან დივიდენდების სახით, გამოდის, რომ უცხოელი ინვესტორისთვის ამ პროექტის ხიბლი ჩვენი მიწების ჩალის ფასად მიღება ყოფილა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ რიგში, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას - მართლა 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიცია შემოდის, თუ ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ბლეფი.
"ხვალ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენაა არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით. ალბათ, იმავეს იტყვის, რასაც ტელეეკრანებიდან ვისმენთ, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ამ ვრცელი განმარტების გაკეთება ამ პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ საკითხზე - კაპიტალის ფორმირებაზე.
პირველ რიგში, უნდა გავცეთ პასუხი კითხვაზე: მართლა 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიცია შემოდის, თუ ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ბლეფი?
მოდით, გვერდზე გადავდოთ საკითხი, სჭირდება თუ არა ქვეყანას თბილისსა და რუსთავს შორის ახალი საცხოვრებელი დასახლების, ფაქტობრივად ზესტაფონის, ხაშურის ან სამტრედიის სიდიდის ქალაქის აშენება 20 ათასზე მეტი მოსახლეობით? ვუპასუხოთ ერთ-ერთ გაპიარებულ თემას, თითქოს საქართველოში მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოდის.
თავიდანვე განვმარტოთ, რა არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არის კომპანიის კაპიტალში ფულის ჩადება, თანაც ისეთი წილით, რომელიც ინვესტორს აძლევს ამ კომპანიაზე მნიშვნელოვანი გავლენის ან კონტროლის უფლებას.
ვნახოთ რა ხდება არაბული კომპანიის, “იგლ ჰილზის” შემთხვევაში, რომელიც არის აქ დაფუძნებული არაბულ-ქართული კომპანიის მთავარი მეწილე.
- საქართველოში დაფუძნდა არაბულ-ქართული ერთობლივი კომპანია. ქართულმა მხარემ კაპიტალში შეიტანა 850 ჰექტარი მიწა, რომელიც ღირს მილიარდ დოლარზე მეტი (თუმცა, ეს ჯერ არავის შეუფასებია). ამის სანაცვლოდ მთავრობამ მიიღო კომპანიის წილის 33 პროცენტი. ეს არის ქართული ინვესტიცია. რა ღირებულებით აისახა იგი კაპიტალში ცნობილი არ არის. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს წილების და შესაბამისად, მომავალში მოგების განაწილების თვალსაზრისით.
- თუ პირობითად ავიღებთ, რომ მიწის ღირებულება არის ერთი მილიარდი დოლარი, არაბული მხარის შენატანი უნდა იყოს 2 მილიარდი დოლარი. კაპიტალი, როგორც წესი, უნდა შეივსოს ფულადი ფორმით. შესაძლებელია არაფულადი ფორმითაც, მაგრამ ჩაითვლება თუ არა იგი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად, ამის განსაზღვრა არც თუ ისე ადვილია მეთოდოლოგიურადაც. არაფულადი წილის შეფასება შეიძლება იყოს სუბიექტური და მან შეიძლება არასამართლიანად გაზარდოს ან შეამციროს პარტნიორების წილის ოდენობა.
- არაბი ინვესტორისა და ქართული მხარის განცხადებით, წილის 33 პროცენტი გადაეცემა არაბულ მხარეს არქიტექტორული პროექტირების მომზადების სანაცვლოდ. გამოდის, რომ არქიტექტორული ნახაზების ღირებულება ყოფილა მიწების ღირებულების ტოლფასი. ეს წარმოუდგენელია. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ქართული შენატანის წონის შემცირებას და წილებით მანიპულაციას.
არის თუ არა არქიტექტორული პროექტები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია? თუ ერთობლივი კომპანია ყიდულობს მას, ისევე როგორც სამშენებლო მასალებს ან სამუშაო ძალას, ეს არის ჩვეულებრივი ხარჯების ნაწილი და იგი არ არის ინვესტიცია. სწორი იქნება, რომ ასეც მოხდეს, მით უმეტეს, როდესაც ამ არქიტექტორული პროექტების შესყიდვა დროში მრავალი წლის (ალბათ, რამდენიმე ათეული წლის) განმავლობაში გაიწელება. კაპიტალში მისი ასახვა შეიძლება სტატისტიკურად პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად გაფორმდეს, მაგრამ ეკონომიკური შინაარსის მიხედვით ორივე ქმედება ერთნაირია. ეს არაა სუფთა ინვესტიცია, უფრო წილების გადანაწილების მექანიზმად გამოსაყენებელი ქმედებაა, თუმცა საქსტატის მეთოდოლოგიით დიდი ალბათობით ინვესტიციად გაფორმდება.
- წილის დარჩენილი მესამედის სანაცვლოდ არაბულმა მხარემ კაპიტალში უნდა შეიტანოს ქართული წილის ანუ მიწების ღირებულების ტოლფასი ფული, მაგალითად, ჩვენი დაშვებით ერთი მილიარდი დოლარი.
მოხდება თუ არა მსგავსი რამ? ამაზე პასუხს ვერ მივიღებთ, სანამ არ გვეცოდინება იმ მიწების ღირებულება, რაც იყო ინვესტირებული ჩვენი მხრიდან. მისი შეფასება საერთაშორისო აუდიტურ კომპანიას უნდა მოეხდინა. უცნობია, ჩატარდა ასეთი შეფასება თუ არა. ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული, მიწის ღირებულება მის რეალურ ფასთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებად იქნება ასახული. ამ და ზოგიერთი სხვა სახის ინფორმაციის გასაიდუმლოება დაუშვებელია.
არაბულ მხარეს მიწა რომ ეყიდა სახელმწიფოსაგან და ეს მიწა აქ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიის კაპიტალში შეეტანა, ეს იქნებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
- თუ არაბულ-ქართული კომპანია აიღებს სესხს, დაიწყებს მშენებლობას ან წინასწარ გაყიდის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე უძრავ ქონებას, ე. წ. ჰაერს, ეს არ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. არა აქვს მნიშვნელობა, საქართველოს მოქალაქე იყიდის მას თუ უცხოეთის მოქალაქე. ეს ჩვეულებრივი საქონლის რეალიზებაა, დაახლოებით ისეთი, მაღაზიაში ტელევიზორი რომ შეიძინოს ვინმემ, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი ან ავტომობილი.
უცხოური ინვესტიცია იქნება ამ ერთობლივი საწარმოს მიერ უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული ის მოგება, რომელიც უცხოელის წილის შესაბამისია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მან მოგება ჩატოვა კომპანიაში, ანუ მოახდინა მისი რეინვესტირება. თუ მოგება უცხოეთში გაიტანა, ეს არაა ინვესტიცია, პირიქით, უცხოური ინვესტიციის შემცირებაა.
- რას ვხედავთ დღეს? არსებობს რეალური აქტივი, სახელმწიფოს კუთვნილი მიწა, გადაცემული ერთობლივი კომპანიისათვის, იგი ეწევა სარეკლამო კამპანიას და იწყებს კოტეჯების და ბინების წინასწარ გაყიდვას. ჯერ საერთოდ არა ჩანს უცხოური კაპიტალი. იგი მაშინ გამოჩნდება, როცა ვნახავთ უცხოელის წილის პროპორციულ შენატანს.
- თუ ეს ერთობლივი კომპანია აიღებს სესხს, ეს არ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. თუ უცხოელი პარტნიორი აიღებს სესხს და მას თავად გაისტუმრებს და არა ერთობლივი არაბულ-ქართული კომპანია და ამ სესხს მოახმარს პროექტის განვითარებას (რაც კაპიტალშიც უნდა აისახოს), ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
რომ შევაჯამოთ: პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არის ის, თუ რამდენი ფული შემოვიდა საწარმოს კაპიტალში უცხოეთიდან და არა ის, რა მოცულობის უძრავი ქონება გაიყიდა.
ორი თვალსაჩინო მაგალითი: არაბულმა კომპანიამ 140 მილიონი დოლარი შემოიტანა და ააშენა სასტუმრო “ბილტმორი” - ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
არაბულმა კომპანიამ იყიდა მიწა, ააშენა კორპუსი სესხით თუ “ჰაერის” გაყიდვით და შემოსავალი მიიღო 140 მილიონი დოლარი. აქედან პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მხოლოდ მიწაში გადახდილი ფულია.
6,6 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შესახებ საუბარი არის პროპაგანდისტული მითი. ღრმად ვარ დარწმუნებული (სერბეთისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებითაც), რომ უცხოეთიდან შემოტანილი ფული ათჯერ და უფრო ნაკლები იქნება იმასთან შედარებით, რა რიცხვებსაც ასახელებენ.
მშენებლობა გაიწელება სამი ათეული წელიწადი. მოგებიდან დივიდენდის სახით ქართული წილის პროპორციულად მიღებული შემოსავალი იქნება მცირე. მაგალითად, ბელგრადში მხოლოდ 9,9 მილიონი დოლარის ოდენობის დივიდენდი მიიღო სერბულმა მხარემ თავისი წილის სანაცვლოდ ათი წლის განმავლობაში, რაც სერიოზული კრიტიკის საგანია ამ ქვეყანაში.
ხელისუფლების განცხადებით, ყოველწლიური შემოსავალი დივიდენდის სახით იქნება 200 მილიონი ლარი ათი წლის განმავლობაში, ანუ სულ 2 მილიარდი ლარი. ეს არის ბლეფი. ასეც რომ იყოს, იდეალურ შემთხვევაში, ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნების პირობებში, ამ პროექტიდან დივიდენდის სახით მივიღებთ 600 მილიონ დოლარს. ეს არის ჩვენს მიერ ინვესტირებული მიწის ღირებულების ირიბი შეფასება. გამოდის, განვადებით გავყიდეთ მიწა ამ ფასად. მაშინ სადაა ბიზნესიდან სხვა მოგება ან თუნდაც კაპიტალში ჩვენი მხრიდან შეტანილი ნებართვებისა თუ სხვა სახელმწიფო მომსახურების საფასური. ამას სჯობდა მიწა რეალურ ფასად გაგვეყიდა და მთავრობა ბიზნესში არ ჩართული. ბიზნესი არა მარტო მოგებას, არამედ წაგებასაც ითვალისწინებს.
მორიგი ბლეფი: მიწა თურმე ქართულ საკუთრებაში რჩება. საბოლოოდ მიწა არის იმისი, ვინც იყიდა კოტეჯი, ბინა, საოფისე ფართი თუ სასტუმრო. დეველოპერი კორპუსს რომ აშენებს ბინებს და ყიდის, მიწის მესაკუთრედ რჩება? არა, რა თქმა უნდა.
დასკვნა: თუ რეალისტურად შევაფასებთ მოგებიდან მისაღები დივიდენდების ოდენობას და თუ ათასპროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელიწადში არავითარი 200 მილიონი ლარი არ იქნება შემოსავლები ბიუჯეტში მოგებიდან დივიდენდების სახით, გამოდის, რომ უცხოელი ინვესტორისათვის ამ პროექტის ხიბლი ჩვენი მიწების ჩალის ფასად მიღება ყოფილა.
ეს ამ მშენებლობის მხოლოდ ერთი, წილების ფორმირების და განაწილების საკითხია. ესეც კი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. სჭირდება თუ არა ამ სახის ინვესტიციები ქვეყანას, რა რისკები ახლავს მას და მიღებული შედეგი გადაწონის თუ არა ამ რისკებს, ეს ცალკე მსჯელობის საგანია. მსჯელობა კი მხოლოდ გამჭვირვალობის პირობებშია შესაძლებელი", - წერს რომან გოცირიძე.
თაგები:
რომან გოცირიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


