რომან გოცირიძე – ის, რასაც ახლა გვპირდებიან, 11 წელია, არ გაკეთებულა და ეს არის “ქართული ოცნების“ ყველაზე საგანგაშო შედეგი


ავტორი
Front News საქართველო
ის, რასაც ახლა გვპირდებიან, 11 წელია, არ გაკეთებულა და ეს არის “ქართული ოცნების“ ყველაზე საგანგაშო შედეგი. უკვე მე-12 წელი დაიწყო “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისა და სამი ვერტმფრენიც კი ვერ უყიდიათ, – ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა შეაფასა.
“უკვე მე-12 წელი დაიწყო “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისა და სამი ვერტმფრენი ვერ უყიდიათ. როდესაც ამ სამი ვერტმფრენის ღირებულებაზე ბევრად მეტი ფული დაიხარჯა მარტო სატრანსპორტო მომსახურების ფუფუნებაში, რომ ავიღოთ რამდენი პერსონალური მანქანა ემსახურება ჩინოვნიკებს, რამდენი მძღოლი და რამდენ საწვავს წვავდნენ ამ წლების განმავლობაში.
ვერტმფრენი ჰყავს თუ არა ქვეყანას, არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ამის არქონას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამიტომ, ცინიკურია ის განცხადება, რომ თურმე ერთი შვეულმფრენი ეყოლება ქვეყანას. ამაზე ხაზგასმა სამარცხვინოა.
შსს-ს მარტო გასული წლის ორ თვეში შტატები 700 ადამიანით გაეზარდა, მაშინ, როდესაც პატრულიდან ხალხი გარბის. ნაცვლად იმისა, რომ ის ადგილები შეავსონ, რომელიც საჭიროა და ასევე ბიუროკრატია შეამცირონ პირიქით, ბიუროკრატიას ზრდიან. შსს-მ თავდაცვის სამინისტროს გადაასწრო ბიუჯეტის ოდენობით”, – განაცხადა გოცირიძემ.
მისივე განცხადებით, სხვა სამინისტროებთან შედარებით, ჯარს ნაკლები ფინანსები ხმარდება.
“ჯარი ფინანსდება ნარჩენების პრინციპით. თუ დავაკვირდებით, როგორ იზრდება სხვა სამინისტროების ხარჯები, დავინახავთ, რომ ჯარის დაფინანსება არის მინიმალური”, – განაცხადა გოცირიძემ.
მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში უსმენენ. საპარლამენტო უმრავლესობა ახალ პრემიერსა და კაბინეტს განახლებულ შემადგენლობას 8 თებერვალს დაამტკიცებს.
თაგები:
რომან გოცირიძე