Logo

რომან გოცირიძე – კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებზე საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემის დროებით შეჩერებას

პოლიტიკა
887
Frontnews image description

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა “ევროოპტიმისტებმა” დღეს კანონპროექტი დავარეგისტრირეთ პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებზე საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემის დროებით შეჩერებას, – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.

 

“ქართული კანონმდებლობა უცხოეთის მოქალაქეს ბინადრობის ნებართვას ანიჭებს 300 000 აშშ დოლარზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის ან არანაკლებ ამავე ოდენობის თანხის ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ. ამავდროულად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭება ხდება 100 000 აშშ დოლარის ოდენობაზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის გზითაც.

 

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოეთის მოქალაქის მიმართ გაიცემა ხუთი წლის ვადით, ხოლო მოკლევადიანი – ერთი წლის ვადით. ორივე სახის ბინადრობის ნებართვა გულისხმობს საქართველოში მხოლოდ დროებითი ცხოვრების უფლებას, განსხვავებით უვადო ბინადრობისა და მუდმივი ცხოვრების ნებართვებისაგან.

 

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთის მოქალაქე 300 000 აშშ დოლარის ღირებულების მქონე უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე მიიღებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, აღნიშნული ნებართვის მინიჭებიდან 5 წლის შემდგომ, კანონის თანახმად ის მიიღებს უვადო ბინადრობის ნებართვას, თუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის იყო აღნიშნული ქონების მეპატრონე. უვადო ბინადრობის ნებართვას მიიღებენ მათი ოჯახის წევრებიც.

 

ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეები მასობრივად აფუძნებენ საწარმოებს და გარდა ბინებისა, იძენენ სხვა სახის უძრავ ქონებასაც, რაც შემდგომში ხდება ბინადრობის ნებართვის მიღების სამართლებრივი საფუძველი.

 

ამ და სხვა სახის პრობლემების თავიდან აცილებას ემსახურება ეს კანონპროექტი”, – წერს გოცირიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები