Logo

რომან გოცირიძე - ხელისუფლება ამ პროექტს პროპაგანდისტული მიზნითაც იყენებს

პოლიტიკა
231
Frontnews image description

არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით უამრავი ტყუილ-მართალია გავრცელებული. ხელისუფლება ამ პროექტს პროპაგანდისტული მიზნითაც იყენებს, - ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხი შეიცავს სერიოზულ კორუფციულ და სხვა სახის რისკებს და შემოსავლების განაწილების თვალსაზრისით არ არის დაცული საქართველოს ინტერესები. 

"არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით უამრავი ტყუილ-მართალია გავრცელებული. ხელისუფლება ამ პროექტს პროპაგანდისტული მიზნითაც იყენებს. მას შემდეგ, რაც პირველი კონკრეტული დებულებები მოვისმინეთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი, რბილად რომ ვთქვათ, შეიცავს სერიოზულ კორუფციულ და სხვა სახის რისკებს და შემოსავლების განაწილების თვალსაზრისით არ არის დაცული საქართველოს ინტერესები.

გავყვეთ სიტყვა-სიტყვით, თუ რა მოგვითხრეს ამ პროექტის პრეზენტაციისას არაბმა ინვესტორებმა და საქართველოს მთავრობამ:

1. პროექტის განხორციელებისათვის იქმნება ქართული იურიდიული პირი,  არაბულ-ქართული მონაწილეობით. წილის მესამედი ამ კომპანიის კაპიტალში იქნება ქართული მხარის საკუთრება. 

2. ქართული მხარე ამ წილის სანაცვლოდ დებს მიწებს, გონიოში 250 ჰექტარს, ხოლო თბილისში 600 ჰექტარს. ამ მიწების ღირებულება მინიმალური ფასით მილიარდ დოლარს ბევრად აღემატება. რამდენიმე ასული მილიონი დოლარი მხოლოდ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის სანაპირო ზოლის მიწები ღირს.

3. არაბულ მხარეს კაპიტალის მესამედი დაეთმობა არქიტექტურული პროექტის სანაცვლოდ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სამშენებლო სფეროში  დაპროექტების ფასი მერყეობს ინვესტიციების 3-7 პროცენტის ფარგლებში (ათიც რომ იყოს), გამოდის, რომ არაბული მხარე უსამართლოდ იღებს მისი ამ ფორმით მონაწილეობით წილის საკმაოდ დიდ ნაწილს.

4. წილის დანარჩენი მესამედი ნაწილი არაბულ მხარეს მიაქვს “ინვესტიციების მოძიების” სანაცვლოდ. ეს არის ყველაზე წამგებიანი ფორმულირება საქართველოსთვის  და თუ იმ ფორმით განვითარდება პროექტი, რასაც ქვემოთ აღვწერ, მოხდება ქართული მხარის სამომავლოდ კუთვნილი შემოსავლების დათმობა არაბი პარტნიორებისათვის. უხეშად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძარცვა.

განვიხილოთ სავარაუდო ინვესტირების სამი ვარიანტი: კარგი, ცუდი და ძარცვა.

ა) კარგი - არაბულ მხარეს წილის მესამედის სანაცვლოდ კაპიტალში შეაქვს ქართული მხარის ტოლფასი ფულადი შენატანი, მილიარდ დოლარზე ბევრად მეტი. მიწების საბაზარო ღირებულების ობიექტურად დადგენა არ არის ძნელი. ეს საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას დღემდე უნდა გაეკეთებინა, სანამ ჩვენს წილად მესამედი განისაზღვრებოდა.

ბ) ცუდი - არაბულ მხარეს კაპიტალში შეაქვს თანხის ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილს ამ ერთობლივ კომპანიას აძლევს სესხად (ან არაბული ფონდი, ან ბანკი და ა. შ.) ამას შეიძლება ვუწოდოთ “სერბული ვარიანტი”. სერბეთში 3,5 მილიარდიანი პროექტი გათვლილია 30 წელიწადზე, ათი წელია რა უკვე დაიწყო მშენებლობა. ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება 7 წელიწადში არის ბლეფი, ფანტაზიის ნაყოფი და მიზანმიმართული მანიპულაცია.

გ) ძარცვა - ქართულ-არაბული აღნიშნული ერთობლივი საწარმო იღებს სესხს (დიდი ალბათობით არაბული ფონდიდან), პროექტის რეალიზებიდან მიღებული შემოსავლებით პირველ რიგში ისტუმრებს ვალებს პროცენტებითურთ (რამდენ პროცენტიანი იქნება სესხი ესეც მნიშვნელოვანია), დარჩენილი შემოსავლის ერთი მესამედი რჩება ქართულ მხარეს, რაც არის მიზერული, რადგან მილიარდიანი ინვესტიციების სანაცვლოდ იღებს ნარჩენებს.  პროექტის სესხით და არაბული მხარის მიერ კაპიტალში პირდაპირი შენატანის გარეშე განხორციელება ქართულ მხარეს ფაქტობრივად შემოსავლების გარეშე ტოვებს.

თუ რომელი ვარიანტით განვითარდება პროექტი, იმის მიხედვით გამოჩნდება მისი კორუფციულობის ხარისხიც. ჩვენი ინფორმაციით, საუბარია მესამე, ყველაზე ცუდ ვარიანტზე.

რა გავიგეთ ამ ფონდის არაბი დამფუძნებლის ინტერვიუდან (ციტატას BMG-დან გთავაზობთ ქვემოთ):

1. სახლების (კოტეჯები, ბინები კორპუსებში, კომერციული ფართი) 60 პროცენტი გაიყიდება უცხოელებზე, ძირითადად არაბულ სახელმწიფოებში.

2. ამ ბინების დანიშნულება იქნება როგორც სეზონური( იგულისხმება იმ რეგიონში მზარდი სიცხისაგან თავის არიდება), ასევე მუდმივ საცხოვრებლად გამოყენება. ფაქტობრივად, შენდება ორი არაბული დასახლება გონიოში და თბილისში, თითოეული რამდენიმე ათასი მოსახლეობით.

მყიდველები ალბათ, სხვა ქვეყნებიდანაც იქნებიან (რუსეთის მოქალაქეებიც, თუ არსებულ ტენდენციებს გავითვალისწინებთ). ამ გარემოებათა გამო პროექტი გარდა ეკონომიკური შინაარსისა, დემოგრაფიულ დატვირთვასაც იძენს.

დამატებითი პრობლემები:

თბილისში წარმოიქმნება დიდი დასახლება (ფაქტობრივად, პატარა სატელიტი ქალაქი) კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. ეს წარმოშობს სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემებს.

გონიოში, თურქეთის მეზობლად, რელიგიურად მგრძნობიარე აჭარის რეგიონში დიდი არაბული დასახლების გაჩენა შეიძლება გახდეს დამატებითი პრობლემების წყარო. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბათუმშიც მიმდინარეობს ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მშენებლობა, რომელთა დიდი ნაწილი უცხოელებზე გაიყიდება, ეს რამდენიმე ათასით გაზრდის ბათუმის მოსახლეობას, მათ შორის მუდმივი მცხოვრებლების სახით. აქაც წარმოიქმნება  დამატებითი ეკოლოგიური, სოციალური და დემოგრაფიული პრობლემები. 

მსგავსი პროექტების განხორციელების დეტალები უნდა იყოს საჯარო, უნდა იქნეს გათვალისწინებული სხვა ქვეყნებში ამ არაბული ფონდის საქმიანობის გამოცდილება, მათ შორის შეცდომები. სერბეთში, უნგრეთში, ალბანეთში და სხვა ქვეყნებში მსგავსი პროექტები სერიოზული კორუფციული სკანდალების ფონზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რაც ჩვენს შემთხვევაში აშკარად სახეზეა - სახელმწიფო მის მიერ განხორციელებული ინვესტიციების სანაცვლოდ მინიმალურ დივიდენდს იღებს.

კიდევ ერთი საკითხი: დაუშვებელია რაიმე სახის საგადასახადო შეღავათის მიცემა. ეს პირდაპირ კორუფციაზე იქნება მიმანიშნებელი.

და ბოლოს, გაურკვეველია, გონიოში და თბილისში მიწები მუდმივი საკუთრებით გადაეცემა ამ კომპანიას თუ გრძელვადიანი იჯარით. მაგალითად, სერბეთში 99 წლითაა გადაცემული. ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია. მიწები არ უნდა გაიყიდოს, პროექტში ჩადებული მრავალი რისკის გათვალისწინებით", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

Advertisement