რომან გოცირიძე - მთავრობამ უნდა გვითხრას, დამატებით, შეღავათიან გაზზე ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას

ავტორი
Front News საქართველო
გაზის ხელშეკრულებას ვადა რომ გასდის, ვის ელაპარაკება მთავრობა, აზერბაიჯანს თუ საერთაშორისო კონსორციუმს?, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობამ უნდა თქვას, დამატებით, შეღავათიან გაზზე ხელშეკრულების ვადის 2026 წლიდან ამოწურვის შემდეგ, ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
“გაზის ხელშეკრულებას ვადა რომ გასდის, ვის ელაპარაკება მთავრობა, აზერბაიჯანს თუ საერთაშორისო კონსორციუმს? მთავრობამ უნდა გვითხრას, დამატებით, შეღავათიან გაზზე ხელშეკრულების ვადის 2026 წლიდან ამოწურვის შემდეგ, ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას, “შაჰ დენიზის” კონსორციუმთან თუ აზერბაიჯანთან. ეს ორი სხვადასხვა რამაა მოსალოდნელი შედეგებითურთ.
დღეს ჩვენ ვიღებთ 500 მილიონ კუბურ მეტრ ე. წ. დამატებით, იაფ გაზს “შაჰ დენიზის” საერთაშორისო კონსორციუმიდან. აქ მთავარი აქციონერი “ბრიტიშ პეტროლიუმია”. ეს სიიაფე ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის ტრანზიტის საფასურის ერთ-ერთი კომპონენტია და არა საჩუქარი. ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, კონსორციმთან უნდა გაგრძელდეს.
თუ ეს ასე არაა და უკვე აზერბაიჯანს ვესაუბრებით, ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულება კი არ გრძელდება, არამედ ხდება გაზის მიმწოდებლის ჩანაცვლება, ანუ ე. წ. სოკარის ძვირ გაზად ტრანსფირდება საერთაშორისო კონსორციუმის გაზი. ეს არის ძალიან ცუდი. ამას, გარდა ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური დატვირთვაც აქვს.
მედიაშიც არასწორად შუქდება ეს საკითხი. ყველაფერს აზერბაიჯანული გაზი ჰქვია. ეს მხოლოდ ჟარგონია. სინამდვილეში გაზი აზერბაიჯანულია ფიზიკურად, თორემ საკუთრების მიხედვით ორი სხვადასხვა რამ არის: ერთი ეკუთვნის საერთაშორისო კონსორციუმს, მეორე კი აზერბაიჯანის სახელმწიფოს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე




