Logo

რომან გოცირიძე – ყოველი გადავადება დამატებით ხარჯებს და ჩვენი მოქალაქეებისათვის მეტი ფულის ჯიბიდან ამოცლას ნიშნავს

პოლიტიკა
715
Frontnews image description

რიკოთის არასწორმა დაპროექტებამ და ეკოლოგიური ფაქტორების გაუთვალისწინებლობამ ქვეყანაში ახალი, როგორც ჩანს, მუდმივი ყურადღების მისაქცევი პრობლემა წარმოშვა, – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.

 

“რიკოთზე ავტომანქანების გრაფიკით მოძრაობა დიდ ეკონომიკურ ზიანთანაც არის დაკავშირებული. მანქანების მოცდენა და ტვირთის არადროულად მიტანა აზარალებს ბიზნესს, უქმნის დისკომფორტს მგზავრებს, აკარგვინებს დროს და უძვირებს ხარჯებს.

 

რიკოთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებილი. სატვირთო ავტომანქანები მოძრაობენ ღამით, მხოლოდ ექვსი საათის განმავლობაში, ღამის 23 საათიდან დილის 5 საათამდე, მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილები – დილის 6 საათიდან საღამოს 21 საათამდე.

 

ქვეყანას ყოველდღიურად ათასზე მეტი მძიმე სატვირთო ავტომანქანა კვეთს. გასულ წელს დაახლოებით 385 ათასმა სატრანზიტო ტრაილერმა გადაკვეთა ქვეყნის საზღვრები. მათი დიდი ნაწილი რიკოთზე გადაადგილდებოდა. ამას დამატებული შიგა, არასატრანზიტო დანიშნულების სატვირთო მანქანების მოძრაობა და სრულად დავინახავთ იმ სურათს, რაც რიკოთზე ხდება.

 

რაც შეეხება მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების მოძრაობას, შემოვლითი გზით ღამით სიარული ასევე დამატებით ხარჯებთან, დროის კარგვასთან და დისკომფორტთან არის დაკავშირებული( ქუთაისის და თბილისის აეროპორტების მგზავრები, სხვა გადაუდებელი საქმეები და ა. შ).

 

რიკოთის არასწორმა დაპროექტებამ და ეკოლოგიური ფაქტორების გაუთვალისწინებლობამ ქვეყანაში ახალი, როგორც ჩანს, მუდმივი ყურადღების მისაქცევი პრობლემა წარმოშვა. მთის 70 ფერდზე მოხდება გამაგრებაო, განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ანუ 51 კილომეტრის სიგრძის ტრასის ყოველ 730 მეტრზე ერთი ფერდის გამაგრება ხდება საჭირო. ფაქტობრივად, მთელი ტრასა ბეტონში უნდა ჩაისვას და ყოველწლიურად მილიონები უნდა დაიხარჯოს მის მოვლაზე.

 

რაც შეეხება ჩინურ კომპანიებს, ეს მხოლოდ პრობლემის ზედა ნაწილია, ქვეკონტრაქტორები ქართული მხარეა, სახელისუფლებო ფირმები, რომლებიც ასეულ მილიონებს ითვისებენ კავშირებისა და დაუსჯელობის წყალობით.

 

“ქართული ოცნების” 11-წლიანი მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური ოდენობა არის 150 მილიარდი ლარი, აქედან 20 მილიარდი ლარი ანუ 13 პროცენტი მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაიხარჯა, ძირითადად გზებზე და თუ როგორ გაიფლანგა ეს ფული (უცხოური კრედიტები) ამას რიკოთის, სამტრედია-გრიგოლეთის თუ ბევრი სხვა მაგალითიც მოწმობს.

 

თავდაპირველი გეგმით რიკოთი 2020 წელს უნდა აშენებულიყო. ახალი ვადებით 2024 წელს უნდა დამთავრდეს, რაც გამორიცხულია. ყოველი გადავადება დამატებით ხარჯებს და ჩვენი მოქალაქეებისათვის მეტი ფულის ჯიბიდან ამოცლას ნიშნავს. ფულს კი ასეთი წესი აქვს – ერთს რომ ართმევ, სხვასთან მიდის. ის სხვა ჩვენს რეალობაში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და სახელისუფლებო ბიზნესებია”, – წერს გოცირიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები