რომან გოცირიძე - სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი ტენდერი

ავტორი
Front News საქართველო
ანაკლიის პორტის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწევს. ამაზე “ოცნების” ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი ტენდერი.
“საქართველოს დელეგაცია ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ჩინეთიდან ხელცარიელი დაბრუნდა. პორტში ჩინური ინვესტიციების საკითხი, ფაქტობრივად, ჩაიშალა. ეკონომიკის მინისტრი ჩინეთში ვიზიტისას არც კი შეხვედრია “გამარჯვებული” კომპანიის წარმომადგენლებს. ანაკლიის საკითხზე ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მხოლოდ ზოგადად, ინვესტიციების კონტექსტში იყო საუბარი.
ან კაბალურ ჩინურ მოთხოვნებზე დათანხმება, ან ახალი ინვესტორის ძიება-ასეთია დღევანდელი რეალობა.
სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი ტენდერი. პრობლემა არა მხოლოდ ჩინური მხარის არარეალისტურ მოთხოვნებშია, არამედ იმაში, რომ აღნიშნული კომპანია არის დასანქცირებული, რაც სამომავლოდ მასთან ურთიერთობებს გაართულებს დასავლეთის მხრიდან. გარდა ამისა, დარღვეულია სატენდერო მოთხოვნებიც, სადაც ერთ-ერთი პირობა მასში სახელმწიფო კომპანიის დაუშვებლობა იყო.
როგორც ცნობილი გახდა, ჩინელები არ აპირებენ საკუთარი მოთხოვნების გადახედვას. ფაქტობრივად დროის ხაფანგში გაგვაბეს - მათ არსად ეჩქარებათ, ჩვენ კი ძვირფას დროს ვკარგავთ. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენიდან ორი წლის შემდეგაც ერთი ნაბიჯითაც კი არაა წაწეული წინ პროცესი.
ჩინური სახელმწიფო კომპანიის მთავარი მოთხოვნები იგივეა, რაც თავიდანვე იყო. აქედან ორი არის განსაკუთრებულად მიუღებელი:
1. საფინანსო გარანტიები. კრედიტები, რომელსაც ჩინური კომპანია ბანკებისაგან აიღებს პორტის მშენებლობისათვის, უნდა იყოს დაზღვეული საქართველოს მთავრობის მიერ. აღნიშნული გარანტია არ ნიშნავს მხოლოდ საკრედიტო რისკების დაზღვევას. ის ითვალისწინებს ნებისმიერ ზარალს, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ მიზეზით ინვესტორს წარმოექმნას. მაგალითად, ვერ მიიღო სათანადო მოგება, მშენებლობა გაჭიანურდა, რკინიგზა და სხვა კომუნიკაციები დროზე არ იქნა მიყვანილი და ა. შ. ასეთ ვითარებაში ბანკების წინაშე წარმოქმნილი ვალდებულება უნდა დაფაროს მთავრობამ.
2. ტვირთების დაზღვევა.
ითხოვენ სახელმწიფოს მხრიდან ტვირთების დაზღვევას. თუ პორტის მიერ საკმარისი ტვირთი არ იქნა მოზიდული, ზარალი უნდა დაფაროს საქართველოს მთავრობამ.
სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი ზარალი გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე ის 300 მილიონი დოლარია, ჩინურმა მხარემ თავისი წილის შესაბამისად რომ უნდა ჩადოს კაპიტალში. ამ ზარალში მიუღებელი შემოსავლებიც იგულისხმება. მან რამდენიმე მილიარდი დოლარი შეიძლება შეადგინოს. ამის მწარე გამოცდილების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ნამახვანის ჰესის ისტორია. მშენებლობის შეჩერების მომენტისათვის თურქი ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯები იყო დაახლოებით 40 მილიონი დოლარი, საერთაშორისო არბიტრაჟმა კი 400 მილიონი დოლარი დაგვაკისრა დაკარგული შემოსავლების ჩათვლით.
ჩინელები სხვა პირობებსაც აყენებენ. ეს არის ცნობილი ჩინური ვალის ხაფანგი. ამ მიდგომოთ ააშენა აღნიშნულმა კომპანიამ პორტები საზღვარგარეთ( ნიგერიაში, შრი-ლანკაში, ჯიბუტიში). თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ამ ქვეყნების ხელისუფლება, ეს ცნობილი ამბავია.
უცხოელი ინვესტორის გარეშე პორტის აშენება და მისი ოპერირება უკიდურესად სარისკოა. ამის რესურსი დღეისათვის ქვეყანას არ გააჩნია. საბოლოო ჯამში მივიღებთ მკვდრადშობილ ე.წ. “თეთრ სპილოს”. აქ მხოლოდ ფულში არაა საქმე. გამოცდილი ინვესტორი არსებობა პორტის ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა.
ამასობაში დაიკარგა ძვირფასი დრო. ანაკლიის პორტის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწევს. ამაზე “ოცნების” ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე




