რუსეთმა ოპოზიციური ტელეკომპანია “დოჟდის” მთავარ რედაქტორზე ძებნა გამოაცხადა


“მედიაზონას” ინფორმაციით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციური ტელეკომპანია “დოჟდის” მთავარ რედაქტორზე ტიხონ ძიადკოზე ძებნა გამოაცხადა.
ტიხონ ძიადკო ძებნილთა სიაში 30 აპრილს შეიყვანეს. მანამდე მის წინააღმდეგ რაიმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მანამდე, 28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შსს-მ ძებნილთა სიაში ამავე ტელეკომპანიის წამყვანი იულია ტარატუტა შეიყვანა. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია “უცხოური აგენტის” სტატუსით მოვალეობის შესრულებისგან თავის არიდების მუხლით.
2022 წლის ოქტომბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ტიხონ ძიადკო “უცხო ქვეყნის აგენტად” გამოაცხადა, ტელეარხი “დოჟდი” კი 2023 წლის ივლისში – “არასასურველ ორგანიზაციად”.
რუსული ოპოზიციური ტელეარხი “დოჟდი” რუსეთში დაიბლოკა მალევე მას შემდეგ, რაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. 2022 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ არხმა ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, სადაც ჟურნალისტების დიდი ნაწილი გადავიდა. ივლისში კი არხმა მუშაობა აღადგინა.
თაგები:
რუსეთი