Logo

რუსლან აბაშიძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
03.11.2023 / 17:05
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ კუბერნატს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

 

რუსლან აბაშიძემ ჩეხ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა.

 

მთავრობის თავმჯდომარემ ჩეხეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა. რუსლან აბაშიძემ ასევე, ელჩს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მიერ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

 

პეტრ კუბერნატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

 

რუსლან აბაშიძემ, თავის მხრივ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე იანა გაშპარიკოვა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

Advertisement