Logo

რუტე - ტრამპი პუტინს ალასკაში "გამოცდის" უკრაინის შესახებ საბოლოო შეთანხმების გარეშე

უკრაინა
344
Frontnews image description

15 აგვისტოს ალასკაში დაგეგმილ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს "ტესტს“ ჩაუტარებს, რათა დარწმუნდეს, სერიოზულად უყურებს თუ არა ის უკრაინაში ომის დასრულებას, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.

რუტემ გამოთქვა რწმენა, რომ სრულფასოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებლად გაიმართება უკრაინისა და ევროპის მონაწილეობით.

"და რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ცეცხლის შეწყვეტას და რა მოხდება ამის შემდეგ - ტერიტორიებთან, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით - უკრაინამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა რუტემ.

მისივე თქმით, ალასკაში შეხვედრის დროს პუტინი გამოცდას გაივლის, რათა დადასტურდეს, ნამდვილად გადაწყვეტილია თუ არა უკრაინასთან მშვიდობის დამყარება.

"პარასკევს მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგება, თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი პუტინი. და ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, არის პრეზიდენტი ტრამპი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა შედგეს. ეს არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. საბოლოო შეთანხმება არ იქნება“, - განაცხადა რუტემ.

8 აგვისტოს ტრამპმა განაცხადა, რომ 15 აგვისტოს ამერიკულ შტატ ალასკაში პუტინს შეხვდებოდა. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომი იქნება.

WSJ-ის ცნობით, მოლაპარაკებების დროს პუტინმა შესაძლოა, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება მოითხოვოს სხვა რეგიონებიდან ჯარების გაყვანის სანაცვლოდ. ევროკავშირისა და უკრაინის ლიდერებმა ალტერნატიული სამშვიდობო გეგმა წარადგინეს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, სამიტში მონაწილეობა არ იყო გათვალისწინებული. თუმცა, მედია, თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკის სამიტში მონაწილეობის ვარიანტს ამერიკული ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ამუშავებს. ევროპელი ლიდერები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ზელენსკის მონაწილეობას დაჟინებით მოითხოვენ.

თაგები:

მარკ რუტე
Advertisement