სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინო დათაშვილი პატიმრობაში რჩება


ავტორი
Front News საქართველო
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გამოყენების შესახებ, - ამის შესახებ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განცხადებაშია აღნიშნული.
"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსად, შეიცავს მხოლოდ ზოგად, ბუნდოვან და აბსტრაქტულ მსჯელობას. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან არსებობს “დანაშაულებრივი” საქმიანობის გაგრძელების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. თუმცა, აღნიშნულ საფრთხეებს ფაქტობრივი გარემოებებით ვერცერთი ინსტანცია ადასტურებს.
სააპელაციო საჩივარში PHR-მა მიუთითა ყველა ის გარემოება, რომელიც ადასტურებდა, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან არ არსებობდა “დანაშაულებრივი” საქმიანობის გაგრძელების, მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. შესაბამისად, პატიმრობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება იყო უკანონო.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში განმარტავს, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან იმდენად მაღალია მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ამცირებს მითითებულ რისკებს და გავლენას ვერ ახდენს პატიმრობის მართლზომიერებაზე. კონკრეტულად რა გარემოებებზე დაყრდნობით მსჯელობს სააპელაციო სასამართლო საფრთხეებზე, განჩინებაში მითითებული არ არის.
PHR საჩივარში უთითებდა, რომ ნინო დათაშვილი თავად იყო მანდატურის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, შესაბამისად უდანაშაულო ქალი იმყოფებოდა პატიმრობაში. ასევე, PHR-მა მოითხოვა ზეპირი მოსმენის ჩანიშვნა, რადგან სასამართლო პროცესზე, ნინოს თხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ არ განმარტა მისთვის გირაოს გამოყენებაზე უარის საფუძველი. სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხებზე არ მსჯელობს. PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში 23 ივნისს გაასაჩივრა", - აღნიშნულია განცხადებაში.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივნისს შეუფარდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 7 აგვისტოს დაინიშნა.
თაგები:
ნინო დათაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს