“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს


ავტორი
Front News საქართველო
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 29 ივნისს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასება გამოაქვეყნა.
“2022 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა პარლამენტის გამჭვირვალობა. მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში შესვლა და კომიტეტზე დასწრება დაუსაბუთებლად, პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ეზღუდებოდათ. პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა პარლამენტის მონიტორინგის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შესწავლის შედეგად შემდეგი მიგნებები გამოკვეთა:
პარლამენტის წევრთა აქტიურობა
საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 99-მა წევრმა, აქედან ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი (39 კანონის პროექტი) და უმრავლესობიდან რატი იონათამიშვილი (38 კანონის პროექტი);
სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 126-მა წევრმა ისარგებლა. პლენარულ სხდომაზე ყველაზე მეტი გამოსვლა ჰქონდა უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძეს (242), ხოლო ოპოზიციიდან რომან გოცირიძეს (93);
სიტყვით გამოსვლის უფლებით არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა, აქედან 10 იყო უმრავლესობის (ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, სამველ მანუკიანი, გოგი მეშველიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე) ხოლო 8 ოპოზიციის დეპუტატი (გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი);
პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა);
საზღვარგარეთ მივლინებებში 84 დეპუტატზე დაიხარჯა 1,739,782.93 ლარი;
პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაექვითა 68 704.69 ლარი;
გაიზარდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის 52 წევრმა დასვა 5093 კითხვა; ყველაზე მეტი, 1005 კითხვა დასვა ანა წითლიძემ ოპოზიციიდან.
საკანონმდებლო პროცესი
განხილული კანონპროექტებისა და ჩატარებული სხდომების რაოდენობების მიხედვით ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ხოლო პასიური – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი;
გაიზარდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევები. დაჩქარებული წესით პარლამენტმა 125 კანონის პროექტი მიიღო;
გაგრძელდა კანონპროექტთა განხილვის ვადის გაგრძელების პრაქტიკა. 79 საკანონმდებლო პაკეტთან (363 კანონის პროექტი) დაკავშირებით ვადა 174-ჯერ გაგრძელდა.
საპარლამენტო კონტროლი
არც ოპოზიციას და არც უმრავლესობას არ გამოუყენებია კომიტეტის სხდომაზე მთავრობის წევრებისა და ანგარიშვალდებული პირების დაბარების მექანიზმი;
პარლამენტს წარედგინა საგამოძიებო კომისიის შექმნის 5 მოთხოვნა, მათ შორის სასამართლო სისტემაში კორუფციისა და თბილისში 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ. არცერთი კომისია არ შექმნილა;
მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს. გაგზავნილი 5093 სადეპუტატო კითხვიდან პასუხი არ გაეცა 997-ს, რომელთა უმეტესობის ავტორი ოპოზიცის წარმომადგენელი იყო. პასუხებს უმეტესად მუნიციპალიტეტების მერები არ სცემდნენ, მინისტრებიდან კი კითხვები უპასუხოდ დატოვეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა (16 კითხვა) და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ (14 კითხვა).
რეკომენდაციები
რეგლამენტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის პროცესში ოპოზიციის სათანადო ჩართულობა და ოპოზიციის წევრების მიერ ცალკეული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება;
პარლამენტის შენობაში შესვლასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, არ ხდებოდეს მოქალაქეებისთვის დაუსაბუთებლად უარის თქმა, პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს;
მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების განხილვა რეგლამენტით დადგენილ ვადაში ხორციელდებოდეს, არ ხდებოდეს ამ ვადის არგუმენტაციის გარეშე გაგრძელება და ასევე კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა;
საპარლამენტო ზედამხედველობის როლის ჯეროვნად შესრულებისთვის, აუცილებელია, როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ მაქსიმალურად გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმები;
ანგარიშვალდებული ორგანოები და მთავრობის წევრები პარლამენტს ხელს უნდა უწყობდნენ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებაში, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილ საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს;
ეთიკის კოდექსის ამოქმედების მიზნით, პარლამენტმა დროულად უნდა შეძლოს ეთიკის საბჭოს დაკომპლექტება”, – აღნიშნულია ანგარიშში.
თაგები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოქმედი პარლამენტის პირველი წლის საქმიანობის შეფასების ანგარიშს აქვეყნებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის