Logo

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევით, ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა და ახლობლებმა 13 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებიდან 13 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს

პოლიტიკა
1096
Frontnews image description

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აგრძელებს კვლევას საქართველოს პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნებიდან” მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარად არჩეული ანზორ ბოლქვაძის ნათესავებისა და ახლო წრის ბიზნესინტერესების შესახებ.

 

“2020 წელს გამოქვეყნებულ ჩვენს არცერთ მოკვლევას ანზორ ბოლქვაძის საქმიანობასთან დაკავშირებით, სათანადო მიმართვების მიუხედავად, შესაბამისი უწყებებიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ამასთან, გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომელიც კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის დამატებით რისკებს ავლენს.

 

წინამდებარე კვლევა ერთგვარად აჯამებს მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახის წევრების, მისი ნათესავებისა და ახლო წრის კომპანიების მიერ მისი მაჟორიტარობის დროს სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს, რაც ვფიქრობთ, გარკვეულ სურათს შექმნის დეპუტატის გავლენებთან დაკავშირებით.

 

ანზორ ბოლქვაძის პოლიტიკურ გააქტიურებასთან ერთად, 2008 წლიდან მისი ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ახლობლებმა თანდათან დაიწყეს კომპანიების დაფუძნება, რომელთა შემოსავალი მეტწილად სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე იზრდებოდა. ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციის – გზების დეპარტამენტისა და ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებისგან. აღსანიშნავია, რომ საგზაო დეპარტამენტის სატენდერო კომისიაში მონაწილეობს ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე და ორგანიზაციის მიერ შესწავლილ არცერთ ოქმში ის არ აფიქსირებს ინტერესთა კონფლიქტს, როცა ხელშეკრულება მისი ნათესავის ან ოჯახის ახლობლის კომპანიასთან უნდა გაფორმდეს. თვალშისაცემია, ასევე, ამავე კომპანიების უკონკურენტო ტენდერების სიმრავლე სწორედ გზების დეპარტამენტთან.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, აჭარის მუნიციპალიტეტების (ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის, მისი ოჯახის წევრების და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესსაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

ანზორ ბოლქვაძისა და მისი ახლობლების ეკონომიკური საქმიანობა/ინტერესები ნათლად აჩვენებს ქვეყანაში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებს. სხვადასხვა მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარ საარჩევნო ოლქში სარგებლობს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით, რომლის წყალობითაც ისინი საჯარო სამსახურებში ასაქმებენ ახლობლებს და უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ მათთან დაკავშირებულ კომპანიებს. 
კვლევაში მოცემულ ფაქტებზე დაყრდნობით მოვუწოდებთ:

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა იმ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანია „გიგა 2015”-ის და “კონტრაქტმშენი 2016”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვებით დასრულდა;
საჯარო სამსახურის ბიუროს, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ანზორ ბოლქვაძისა და “დინამო ბათუმის” დირექტორის, არჩილ ბოლქვაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში

თაგები:

Advertisement