Logo

საია - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა დაიწყო

სამართალი
273
Frontnews image description

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა, - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, სასამართლო კორესპონდენციაში განმარტავს, რომ საქმეს შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი ("Impact Case") მიენიჭოს.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საჩივრის განხილვა. სასამართლო კორესპონდენციაში განმარტავს, რომ საქმეს შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი ("Impact Case") მიენიჭოს. აღნიშნულის გათვალისწინებითაც, საქმის არსებითი განხილვა საჩივრის წარდგენიდან შემჭიდროვებულ ვადებში, 2 თვეში დაიწყო.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 28 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან და მის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

საჩივარში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).

კერძოდ, საჩივარში მითითებულია, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს უსაფუძვლოდ, ხოლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება მოხდა თვითნებურად, შესაბამისი საფუძვლების გარეშე და ეროვნულმა სასამართლოებმა წინასწარი პატიმრობის კანონიერება არ შეაფასეს. ამასთან, მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლება შეიზღუდა კონვენციაში გათვალისწინებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნებით, და წინასწარი პატიმრობის გამართლება. მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პარალელურად, წარმოადგენდა მის ბრალეულობაზე ნაადრევ დასკვნას. საჩივარში ასევე აღნიშნულია, მობილური ტელეფონის სავარაუდოდ უკანონო ჩამორთმევისა და ჩხრეკის ფაქტზე, რამაც შეზღუდა მზია ამაღლობელის, პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლება, რასთან დაკავშირებითაც მას არ ჰქონია ეფექტიანი დაცვის საშუალება ეროვნულ დონეზე.

სასამართლომ მხარეებს მიმართა ვრცელი შეკითხვებით საჩივარში მითითებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. საქმისწარმოების პირველ ეტაპზე, სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლების და ამასთან კავშირში სხვა დარღვევებთან მიმართებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement