საია - პოლიტიკოსების მიმართ გამოხატული შეფასებითი მსჯელობის გამო საქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის


ავტორი
Front News საქართველო
საიას შეფასებით, პოლიტიკოსების მიმართ გამოხატული შეფასებითი მსჯელობის გამო საქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის.
"მოქალაქეების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიერ სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების შესახებ “ქართულმა ოცნებამ” 6 ივნისს საჩივარი შეიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროში. საჩივრების სამართლებრივი საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად ამოქმედებული 17316-ე მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისეთი ქმედებებისთვის როგორიცაა: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/ მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან/საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ ქმედებისთვის განსაზღვრულია 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა. აღნიშნული საჩივრების საფუძველზე 2025 წლის 11 ივნისს მასობრივად დაიწყო მოქალაქეების დაბარება სასამართლოში.
საიას შეფასებით, ეს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ ქართული ოცნების ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან.
გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოს ავალდებულებს თავი შეიკავოს გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევისგან, რითაც უზრუნველყოფილი იქნება იდეებისა და მოსაზრებების თავისუფალი გაცვლის შესაძლებლობა. გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოებს ასევე პოზიტიური ვალდებულებებს უწესებს, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ინდივიდების ან ჟურნალისტების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნის პარალელურად, შექმნან გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა დაინტერესებული პირის საჯარო დებატებში მონაწილეობას, რაც მათ საშუალებას მისცემს შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და იდეები, მაშინაც კი, თუ ისინი გამაღიზიანებელად ან შოკის მომგვრელად აღიქმება საჯარო ფიგურების მიერ. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. შესაბამისად, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს. ეს მსჯელობა პოლიტიკური ფიგურების მიღმა, ასევე, ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საზოგადო მოღვაწედ, კერძოდ, იმ პირებზე, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ან თუნდაც რაიმე სხვა ფორმით არიან საზოგადოებრივ ასპარეზზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს პოლიტიკოსებს, ან თუნდაც საჯარო ინსტიტუციებს ისეთ სუბიექტებად, რომელიც გაძლიერებული დაცვის ქვეშ უნდა იყვნენ შეურაცხყოფის ან დაცინვისაგან.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი.
აქვე, გარდა იმისა, რომ, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემა სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოიყენება, ხაზი უნდა გაესვას მართლმსაჯულების აღსრულების შერჩევით სტანდარტსაც. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2024 წლის აპრილი - მაისის “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციების დროს, კანონის მოწინააღმდეგეებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებს, მათი ოჯახების წევრებს და ჟურნალისტებს აქტიურად ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან, აგინებდნენ აქციაზე მონაწილეობის გამო და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. ეს მუქარა იყო რეალური, რადგან რიგ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც. 2024 წლის 31 მაისს საჯაროდ გავრცელებული განცხადებისა და ვიდეოს შედეგად, ნათელი იყო, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე წარმოადგენდა ერთ-ერთ იმ პირს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და რუსული კანონის სხვა მოწინააღმდეგეების მიმართ ორგანიზებულ დევნას ახორციელებდა. რაც გამოიხატებოდა კონკრეტული ჯგუფის გამორჩევას და მის მიმართ სხვადასხვა რეპრესიული ზომის (მაგალითად, სატელეფონო ზარები, კერძო საკუთრების დაზიანება) გატარებაში. ამ ყველაფერს კი არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
საია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს