Logo

"საქართველოს ბანკი" ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის  ქმნის შესაძლებლობებს დასაქმებისა და სტაჟირებისთვის

ბიზნესი-ეკონომიკა
124
Frontnews image description

ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ბანკი უკვე მეცხრე წელია, ლიდერატორის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაეცნონ მათთვის საინტერესო მიმართულებების მუშაობის სპეციფიკას. 

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციას სხვადასხვა დეპარტამენტში. ლიდერატორებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ბანკის სტრუქტურა და როგორ იქმნება პროდუქტები, რომლებიც 1 750 000 - ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეთა უმეტესობა საქართველოს ბანკში სრულ განაკვეთზე აგრძელებს მუშაობას. ისინი უკვე კარგად იცნობენ ორგანიზაციის კულტურას, პროცესებსა და გუნდს - რაც მათ აძლევს საშუალებას, სწრაფად ადაპტირდნენ და პროფესიულადაც განვითარდნენ.

ლიდერატორის  პროგრამით 500-მდე სტუდენტმა პროფესიული გზა უკვე დაიწყო.

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც საქართველოს ბანკი რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობების გასაზრდელად ახორციელებს, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა.

მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტში სტაჟირებას ახალგაზრდები თბილისში, ქუთაისში, ახალქალაქში, ახალციხეში, გორში, ქარელში, რუსთავში  და წნორში გადიან. საშუალო ბიზნესის მიმართულებით კი სტაჟიორები როტაციული პრინციპით სტაჟირებას ბათუმსა და თბილისში, საშუალო ბიზნესის გაყიდვებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტებში მონაცვლეობით გადიან.

სტაჟირების პროგრამა აერთიანებს როგორც სამუშაო პრაქტიკას, ასევე, მენტორინგსა და ტრენინგებს.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსის სტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები. ასევე, უნდა სწავლობდნენ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის ფაკულტეტზე. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 4-6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. სტუდენტების შემთხვევაში  პროგრამა სრულად არის  მორგებული მათ ინდივიდუალურ აკადემიურ განრიგს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი სტუდენტებს/ კურსდამთავრებულებს ბანკში დასაქმების შესაძლებლობა აქვთ.

ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკი კიდევ ერთ - საზაფხულო სტაჟირების პროგრამას ახორციელებს. მასში მონაწილეობა  იმ ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობენ. საზაფხულო სტაჟირების პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქართველ სტუდენტებს აერთიანებს და მათ ბანკის დეპარტამენტებში საკუთარ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

საზაფხულო სტაჟირების პროგრამა 4-დან 8 კვირამდე გრძელდება და მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება პროგრამების მრავალფეროვნებაა.

"საქართველოს ბანკის დასაქმების პროგრამების  მიმართ ინტერესი იზრდება.  ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა კარიერის პირველი ნაბიჯები საუკეთესო გამოცდილებით გადადგან — და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ყოველ წელს პროგრამები ახალი ხედვებითა და შესაძლებლობებით გავამდიდროთ", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

(R)


Advertisement