საქართველოში იურიდიული პროფესია აღარ არის მხოლოდ კანონის დაცვა - ეს არის გამბედაობის ტესტი

ავტორი
Front News საქართველო
მოსამართლეები, რომლებიც არ ემორჩილებიან ზეწოლას, კარგავენ სამსახურს; პოლიციელები, რომლებიც არ ასრულებენ უკანონო ბრძანებებს, თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. სახელმწიფო "უცხოეთის აგენტებად" აცხადებს იმ იურისტებს და ადამიანის უფლებების დამცველებს, რომლებიც ღიად აპროტესტებენ ავტოკრატიულ რეჟიმს და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ღიად საუბრობენ, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთაც.
სისტემა, რომელიც უნდა იცავდეს სამართალს, დღეს თავად არღვევს კონსტიტუციას და სამართლის პრინციპებს. სანამ ეს მექანიზმი იარსებებს, საქართველოში იურისტის პროფესია დარჩება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და დაუცველ სფეროდ.
პოლიციელების, ადვოკატების, მოსამართლეებისა და უფლებადამცველების დევნის პრეცედენტების შექმნა არის სამართლებრივი სახელმწიფოს ნგრევის ნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი სისტემა მოშლილია და ხელისუფლების მიზანია ქართველ ხალხში საყოველთაო შიშის დანერგვა. ის, რაზედაც, იურისტები, წარსულში მხოლოდ კულუარებში საუბრობდნენ, დღეს საჯარო აღიარებებში გადაიზარდა.
მოსამართლეებს მოკვლით ემუქრებიან, პროკურორები წინასწარ უმზადებენ განაჩენებს და აიძულებენ, რომ ის გადაწყვეტილება გამოაცხადონ სასამართლოზე, რასაც შინაგანად არ ეთანხმებიან. პოლიციის მაღალჩინოსნებს ავალებენ უკანონო ბრძანებების შესრულებას. ისინი, ვინც უსამართლობას და სისტემურ ძალადობას ეწინააღმდეგებიან, თვითონ ხდებიან ძალადობისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.
ეს ტენდენცია ქმნის სამართლებრივ კრიზისს დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც კანონი და სამართლებრივი სისტემა მმართველი პარტიის ხელში გადაიქცა ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ბესარიონ ალავიძემ თავის საჯარო ინტერვიუში აღიარა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა იმართება გავლენიანი კლანის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობენ ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ვალერიან ცერცვაძე და ვასილ როინიშვილი. მისი თქმით, მოსამართლეებს იბარებდნენ კერძო კაფეებში და აშინებდნენ, რომ თუ არ გამოიტანდნენ “სასურველ” განაჩენებს, „ტვინს გაასხმევინებდნენ“. ზეწოლა იმდენად მძიმე იყო, რომ ალავიძემ თვითმკვლელობაც განიხილა როგორც ერთადერთი გამოსავალი. ალავიძემ ასევე აღნიშნა, რომ მურუსიძის კლანმა შეასრულა მმართველი პარტიის უკანონო პოლიტიკური ბრძანება და ოლიგარქს სურვილი დაუკმაყოფილა, როდესაც მფლობელს წაართვა დამოუკიდებელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”, “მაესტრო” და ა.შ.
"კაბელების საქმის" ყოფილი მოსამართლე დავით ჯუღელი თავის საჯარო ინტერვიუში საუბრობს იმ სასტიკი ზეწოლის შესახებ, რომელიც მის მიმართ განხორციელდა მაშინ, როდესაც ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა საქმეს იხილავდა. ის ადასტურებს, რომ ეს იყო მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება, კრემლის ინტერესების გათვალისწინებით. დავით ჯუღელი, ე.წ. კაბელების საქმის მსვლელობისას, აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა უზენაესი სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მეშვეობით.
რომელიც მას აიძულებდა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას უსიტყვოდ დათანხმებოდა და თავის გადაწყვეტილებაში სიტყვასიტყვით გადაეტანა. ხოლო უარის შემთხვევაში კი სამსახურის დაკარგვით და პრობლემების შექმნით ემუქრებოდა. ჯუღელის თქმით, მის დევნაში ასევე მონაწილეობდა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მოსამართლეს აძლევდა უკანონო პოლიტიკურ ბრძანებებს და ადგილი ჰქონდა მისი შვილის სკოლიდან გატაცების მცდელობას. მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და ეს ეს გადაწყვეტილება გახდა საერთაშორისო დასტური იმისა, რომ საქართველოში მოსამართლეებზე ზეწოლა სისტემური ხასიათს ატარებს.
ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია, ყოფილი სამართალდამცველის ირაკლი შაიშმელაშვილის ისტორია, რაც აჩვენებს იმას, რომ სისტემას როგორ შეუძლია შთანთქას თავისი წევრები. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი (საგანგებო ღონისძიებების სამმართველოს ყოფილი უფროსი) "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ჰყვება, რომ დატოვა სამსახური, რადგან ვერ შეეგუა რეჟიმის მიერ მიცემულ უკანონო ბრძანებებსა და ძალადობრივ ტაქტიკას. შაიშმელაშვილის თქმით, მას აიძულებდნენ მონაწილეობა მიეღო აქციების ძალადობრივ ჩახშობაში; ბრძანებები მოდიოდა უშუალოდ პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან და არღვევდა კანონს და პოლიციის სამსახურის წესებს; როცა უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე, დაემუქრნენ “ლიკვიდაციით” და საჯარო დისკრედიტაციით. ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ სისტემა უკვე საკუთარ ადამიანებსაც “სჯის”, თუ ისინი ვინც ეწინააღმდეგებიან უკანონო ბრძანებების შესრულებას, მათთვის იურიდიული სივრცე, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში წესრიგის გარანტია, გადაიქცა შიშის ზონად.
სპეცსამსახურების მხრიდან დევნა მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთშიც. საქართველოს მთავრობა და სპეცსამსახურები, ყურადღებით სწავლობენ იმ ქართველი იურისტების საქმიანობას, რომლებიც უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში საქმიანობენ. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს დაგვიდასტურა და თან განაცხადა, რომ ასეთი იურისტები ასრულებენ უცხო ქვეყნის მთავრობების დავალებებს და ისინი არიან “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები”, რომელთა ადგილი საქართველოში არ არის და ისინი პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. არსებული ტენდენციით, ამ იურისტებს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა მომავალში აეკრძალოთ პროფესიული საქმიანობა, და ისინი თავად დარჩნენ პროფესიისა და დაცვის უფლების გარანტიების გარეშე.
ტოტალური სახელმწიფოს და უსამართლობის კლასიკური მაგალითებია, ადვოკატების ბექა ბასილიას და ნიკა გვარამიას არაერთგზის დაკავება, პირადი ცხოვრების შესახებ ფარული კადრების გამოქვეყნება. ასევე, საგანგაშოა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ აგორებული ცილისწამების კამპანია, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების “უცხოეთის აგენტებად” გამოცხადება, მათი ტოტალური კონტროლი და საქმიანობის შეზღუდვა. ადამიანის უფლებადამცველების დევნა, პირდაპირ არღვევს სამართლებრივი დახმარების და კონფიდენციალურობის პრინციპებს.
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ნიკა ხუციშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში სამართლებრივი სივრცე აღარ ფუნქციონირებს დამოუკიდებლად, არამედ იქცა პოლიტიკის გაგრძელებად: ხუციშვილის შეფასებით, არსებული ვითარება ქმნის იურისტების პროფესიული დეგრადაციის საფრთხეს - ახალგაზრდა იურისტები აღარ სურთ ამ სფეროში დარჩენა, ხოლო გამოცდილი კადრები ან ქვეყნიდან მიდიან, ან დუმილს ირჩევენ.
თაგები:
იურიდიული პროფესია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


