Logo

საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო

პოლიტიკა
54
Frontnews image description

საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო. ფაშინიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, გაიმართება საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა, რომელსაც უხელმძღვანელებენ საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები.

„დაგეგმილია ასევე ორმხრივი შეხვედრები მინისტრებს შორის, ჩემი შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ის ფორმატია, რომელშიც განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს საკითხებს, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას, სამომავლო პერსპექტივებს. შევაჯამებთ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არაიკ ჰარუთიუნიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი.

ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტი ორდღიანია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები