სალომე სამადაშვილი – ასეთი შესაძლებლობები აღარ იქნება ხელიდან გაშვებული

ავტორი
Front News საქართველო
ხმების საკმარისი რაოდენობის არქონის გამო ვერ შევძელით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას შევწინააღდეგებოდით, ცხადია, ასეთი შესაძლებლობები აღარ იქნება ხელიდან გაშვებული, – ამის შესახებ “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა სალომე სამადაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიუხედავად ძალიან უთანასწორო და ხარვეზიანი საარჩევნო პროცესისა, გამოიყენოს ყველა მანდატი, რომელიც მას აქვს მინიჭებული.
“ჩვენ ვნახეთ, მათ შორის უკანასკნელი გამოკითხვებით, რომ ქართველ ხალხს აქვს ძალიან დიდი იმედგაცრუება პოლიტიკურ კლასზე. ეს ხდება იმიტომ რომ ადამიანებს უნდათ, რომ ჩვენ მათ ვესაუბროთ და ვიმუშავოთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ. პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი. სადაც ჩვენ გვეძლევა ამის შესაძლებლობა. რამდენი აქციაც უნდა მოვაწყოთ ქუჩაში, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა კორუფციასთან დაკავშირებით, რომელსაც პირდაპირ აქვს უფლება დაიბაროს დაკითხვაზე შესაბამისი ადამიანები, შეაგროვოს ინფორმაცია, ეს ბერკეტი ოპოზიციას აქვს მხოლოდ პარლამენტში. ჩემი აზრით, დღეს ოპოზიციის ინტერესშია, რომ იმუშაოს პარლამენტში.
ჩვენმა ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო და იყენებს საპარლამენტო ბრძოლის ყველა ინსტრუმენტს, თუმცა ცხადია, რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. “ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტის პირობებში ჩვენ ხმების საკმარისი რაოდენობის არქონის გამო ვერ შევძელით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას შევწინააღდეგებოდით. ცხადია, ასეთ შესაძლებლობები აღარ იქნება ხელიდან გაშვებული. ვფიქრობ, ეს გააძლიერებს ოპოზიციას ამ პოლიტიკურ ბრძოლაში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
თაგები:
სალომე სამადაშვილი




