სალომე სამადაშვილი – სამართლებრივი საფუძველი, რომ ბადრი ჯაფარიძე დეპუტატობის კანდიდატად არ დაარეგისტრირონ, არ არსებობს


ავტორი
Front News საქართველო
სამართლებრივი საფუძველი, რომ ბადრი ჯაფარიძე დეპუტატობის კანდიდატად არ დაარეგისტრირონ, არ არსებობს – ამის შესახებ Front News-ს “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” მოუწევს უკანონო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება.
“სამართლებრივი საფუძველი, რომ ბადრი ჯაფარიძე დეპუტატობის კანდიდატად არ დაარეგისტრირონ, არ არსებობს, ისევე როგორც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა მისთვის მანდატის ჩამოსართმევად.
ვნახოთ, როგორ მოიქცევა “ქართული ოცნება”, თუ უფრო ღრმად შევა უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში, მოუწევს ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიმოქმედოთ ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.
ის, რომ “ქართული ოცნება” მზად არის, გადახაზოს ქვეყნის კანონმდებლობა და მიიღოს პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილებები, ეს აქამდეც გაუკეთებიათ და არც მომავალში გაგვიკვირდება მათგან”, – განაცხადა სამადაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას, დეპუტატის თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება.
“წინასწარი კონსულტაციებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გვექნება სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა, თუმცა გავაგრძელებთ კონსულტაციებს და უახლოეს მომავალში უკვე ოპოზიციის კონსოლიდირებულ პოზიციას წარვადგენთ”, – განაცხადა სამადაშვილმა.
ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 15 თებერვალს შეუწყვიტა. თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის თაღლითობაში დაადანაშაულეს, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გათვალისწიონებით მას სასჯელი არ დაეკისრა.
“ლელო” ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის რუსთავში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში დაყენებას გეგმავს.
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერად აირჩიეს.
თაგები:
სალომე სამადაშვილი