სალომე სამადაშვილი – თუ ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ, არ ვიცით, სად იქნება პროცესი 6 ან 8 თვის შემდეგ


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვეძლევა ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარა, თუ ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ, არ ვიცით, სად იქნება პროცესი 6 ან 8 თვის შემდეგ, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადმოცემასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზეც მთავარი კითხვა რეფორმების გატარებას შეეხებოდა.
“განაცხადის შეტანა არაფერს ნიშნავს, თუ შესაბამისად არ გამოხატე აუცილებელი რეფორმების გატარების მზადყოფნა. დღეს ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე მთავარი შეკითხვა სასამართლო სისტემის რეფორმას შეეხებოდა, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. ამის გარეშე არანაირი წარმატება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობაში არ ექნება. რეალობა კი არის ის, რომ ამ მიმართულებით ვერავინ ვერაფერს პოზიტიურ დღეს ევროკაშირს ვერ ეტყვის. ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებიც ვერაფერს გახდებიან, თუ ხელისუფლება არ გაატარებს შესაბამის რეფორმებს, რომელიც გათვალისწინებულია მიშელის შეთანხმების ფარგლებში.
ჩვენ გვეძლევა ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარა, თუ ჩვენ ეს ფანჯარა არ გამოვიყენეთ, ჩვენ არ ვიცით, სად იქნება პროცესი 6 ან 8 თვის შემდეგ. შესაძლოა, რომ უკრაინა წავიდეს თავის გზაზე ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით და საქართველო აღმოჩნდეს პროცესების მიღმა, ისე როგორც ჩვენ დავკარგეთ შესაძლებლობა გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს და ჩავრჩით ამ რეალობაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცის მოთხოვნაა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ წარმოადგინოს კითხვარის შევსების ხედვა.
“თუ ხელისუფლება არ წარმოადგენს ხედვას, როგორ აპირებს ამ კითხვარზე პასუხის გაცემის პროცესი დაიგეგმოს, ეს ნიშნავს, რომ არც აქვს რაიმე გეგმები ამ მხრივ და არ არიან ამისთვის მზად.
ოპოზიციას რაც შეგვიძლია, ეს არის ხელისუფლების გაკონტროლება, მუშაობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ მათგანაც გვქონდეს სრული და დროული ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და საზოგადოებრივი აზრის გზით ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ამ მიმართულებით ვნახოთ პროგრესი“ , – განაცხადა სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი